კახეთში გზების სარემონტო სამუშაოებზე 178 მილიონ ლარს დახარჯავენ

პროექტების დასრულება 2024 წელს იგეგმება, მათი განხორციელება უზრუნველყოფს კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას კახეთის რეგიონის ავტომაგისტრალებზე.
Sputnik
თბილისი, 20 მარტი – Sputnik. კახეთში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში გზების სარემონტო სამუშაოებზე 178 მლნ ლარი დაიხარჯება, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, რეგიონში ჯამში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის 12 პროექტი და ოთხი ნაპირსამაგრი და სტიქიის პრევენცია-ლიკვიდაციის პროექტი ხორციელდება. თექვსმეტივე პროექტის ღირებულება 183 მილიონი ლარია.
პროექტების ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 138 კილომეტრ გზას, საიდანაც 110 კმ გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წელსვე დასრულდება.
გზის სარემონტო სამუშაოები
მათ შორის, რეაბილიტაცია უტარდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 33,6 კმ-იან მონაკვეთს, სადაც, ამ დროისთვის, უკვე მოწყობილია ხელოვნური ნაგებობების 90% და 12 კმ-ზე დაგებულია ასფალტის საფარი. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 66.7 მილიონი ლარით ფინანსდება.
დასრულების ეტაპზეა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-ბაწარას ნაკრძალის საავტომობილო გზის დუისი-ჯიბახევის 8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 5,65 მილიონი ლარია.
გზის სარემონტო სამუშაოები
აქტიურად მიმდინარეობს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-თელავი-ბაკურციხის უშუალოდ თელავზე გამავალი საავტომობილო გზის 5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც. პროექტს 13,8 მილიონი ლარი მოხმარდება
რეაბილიტაცია უტარდება ასევე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სიღნაღის მუნიციპალიტეტთან დამაკავშირებელი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზას. პროექტის ღირებულება 11,7 მილიონი ლარია.
გზის სარემონტო სამუშაოები
პროექტების დასრულება 2024 წელს იგეგმება, მათი განხორციელება უზრუნველყოფს კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას კახეთის რეგიონის ავტომაგისტრალებზე.