თბილისი, 20 მარტი — Sputnik. 2023 წელს საქართველოს მშპ-ის რეალურმა ზრდამ, 2022 წელთან შედარებით 7,5% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატი“ მასალებში.
ამრიგად, ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი, წინასწარ მონაცემებთან შედარებით, არ შეცვლილა.
დაზუსტებული მონაცემებით, მიმდინარე ფასებში 2023 წელს მშპ-ის მოცულობამ 30,5 მლრდ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში დეფლატორმა 2,5% შეადგინა. მშპ-მ ერთ სულ მოსახლეზე 8.210,1 დოლარი შეადგინა.
ეკონომიკის რომელი სფეროები იზრდება
2023 წელს ყველაზე მეტი ზრდა აჩვენა შემდეგმა სფეროებმა: ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები, პროფესიული სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები.
2023 წელს ეკონომიკის სფეროების ტოპ-5, რომლებსაც ყველაზე მაღალი ზრდა აქვთ
ეკონომიკის სფერო | ზრდა, % |
ინფორმაცია და კომუნიკაცია | 27,4 |
ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები | 26,4 |
პროფესიული სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები | 19,1 |
განათლება | 18.9 |
სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა | 13,7 |
ვარდნა დაფიქსირდა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების (-15,4%), წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვის და დაბინძურებასთან ბრძოლის (-11,3%), სამთო მოპოვებითი (-4%), ელექტროენერგიის, გაზის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების (-3,2%) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობის (-2,5%) სფეროებში.
მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი აქვს შემდეგ სფეროებს: ვაჭრობას, გადამამუშავებელ მრეწველობასა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ოპერაციებს და ა.შ.
2023 წელს ეკონომიკის სფეროების ტოპ-5 მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი ხვედრითი წილით
ეკონომიკის სფერი | ხვედრითი წილი მშპ-ში, % |
ვაჭრობა | 15,6 |
უძრავი ქონება | 10,2 |
გადამამუშავებელი მრეწველობა | 9,5 |
მშენებლობა | 7,9 |
სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა | 6,9 |
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან ქვეყანაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადმორიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა, 2022 წლის საშუალო მაჩვენებელი 11% იყო.