თბილისი, 19 მარტი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გასაღებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2022-2024 წლებში ბრალდებულები, დანაშაულში ჩართულ სხვა პირებთან ერთად, ევროპული სახელმწიფოების ყალბ ოფიციალურ დოკუმენტებს, მათ შორის ავტომობილის მართვის მოწმობებს, ბინადრობისა და მუშაობის უფლების დამადასტურებელ მოწმობებს ამზადებდნენ და საქართველოში მოქალაქეებზე ასაღებდნენ.
უწყების ცნობით, ათეულობით ყალბი დოკუმენტის დამზადების და გასაღების გზით დანაშაულებრივ სქემაში მონაწილე პირებმა დაახლოებით 141 ათასი ევრო და 36 ათასი აშშ დოლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს.
გარდა ამისა, მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზების მიზნით ბრალდებულებმა თბილისში საცხოვრებელი ბინა შეიძინეს და სხვა პირის სახელზე დაარეგისტრირეს.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 362-ე (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გასაღება) და 194-ე ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) მუხლებით წარედგინათ, რაც 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.