თბილისი, 18 მარტი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე, ეროვნებით ყაზახი ლადო ახოტნიკოვი დამნაშავედ ცნო და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების თანახმად, მსჯავრდებულმა თანამზრახველებთან ერთად 2019 წელს შექმნა თაღლითური საერთაშორისო საინვესტიციო პლატფორმა „ფორსაჟი” (FORSAGE), რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ე.წ. პირამიდის პრინციპით მოქმედებდა. კერძოდ, თაღლითური პლატფორმის შემქმნელები დაზარალებულებს ფულადი ინვესტიციების სანაცვლოდ სხვადასხვა ოდენობით სარგებელს ჰპირდებოდნენ.
2020 – 2022 წლებში, მასშტაბური თაღლითური სქემის მეშვეობით, რომელსაც სტრუქტურულად მოქმედი მაღალპროფესიონალი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი მართავდა, დამფუძნებლებმა პლატფორმაზე დაახლოებით 340 მლნ აშშ დოლარის კაპიტალიზაცია მოახდინეს, რის შემდგომაც თაღლითურ პირამიდულ სქემაში მაღალ პოზიციებზე მყოფი პირები თანხის მნიშვნელოვან ნაწილს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და პლატფორმა გააუქმეს.
მოცემულ ფაქტზე, დანაშაულში მონაწილე რამდენიმე პირს ბრალდება აშშ-ის კომპეტენტური ორგანოების მიერ კომპიუტერული თაღლითობისთვის წარედგინათ.
თანხების მოტყუებით დაუფლების შემდგომ, დანაშაულის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი თანხების წარმომავლობის დაფარვისა და მათთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, საქართველოში ეტაპობრივად შემოიტანა დაახლოებით 3,5 მლნ ლარის ექვივალენტი თანხა და განათავსა პირად და მასთან დაკავშირებული ფიზიკური პირების საბანკო ანგარიშებზე, რითაც მათთვის კანონიერი სახის მიცემა მოახდინა.
შემდგომში, მსჯავრდებულმა განახორციელა ხსენებული თანხის ნაწილის ლეგალურ ეკონომიკურ ბრუნვაში გაშვება, მათ შორის შეიძინა ძვირადღირებული უძრავ-მოძრავი ქონებები.
სასამართლოს გადაწყვეტილებით მსჯავრდებულს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა უკანონო და დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხებით შეძენილი დაახლოებით 1,1 მლნ დოლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონებები: კერძოდ, თბილისში, ვაკის რაიონში მდებარე ორი ძვირადღირებული საცხოვრებელი ბინა, ხუთი ავტოფარეხი და LEXUS-ის მარკის ავტომობილი.