„ხალხის ძალა" - არჩევნებამდე შვიდი თვით ადრე საქართველოში ახალი პარტია დარეგისტრირდა

საზოგადოებრივი მოძრაობა 2022 წლის აგვისტოში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილმა დეპუტატებმა დააფუძნეს.
Sputnik
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა", რომელიც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილმა წევრებმა დააარსეს, პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირდა.
პარტიის თავმჯდომარედ ერთხმად არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრი სოზარ სუბარი. მისი კანდიდატურა წამოაყენეს დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა, გურამ მაჭარაშვილმა, ვიქტორ ჯაფარიძემ, ზაალ მიქელაძემ, ეკა სეფაშვილმა, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, დავით კაჭარავამ - სწორედ აღნიშნულ პირებთან ერთად დააფუძნა სუბარმა „ხალხის ძალა".
დღეს გამართულ პარტიის ყრილობაზე თავმჯდომარის გარდა, ასევე აირჩიეს პარტიის მდივანი, ხმის დამთვლელი კომისია, დამტკიცდა პარტიის წესდება და სტრუქტურა.
სუბარის თქმით, პოლიტიკური ბრძოლის ახალ ეტაპზე პოლიტიკური პარტია „ახალი ძალის" ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, საზოგადოების ინფორმირებასთან ერთად, იქნება მხილება ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და მისი თანამოაზრეების - უცხოელი აგენტების საქართველოსა და მისი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის.
გარდა ამისა, როგორც სუბარმა აღნიშნა, იგივე აგენტურას ჰქონდა დავალებული საქართველოში 2022 წელს რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა.
„ჩვენ ხალხს ვუთხარით სიმართლე, რომელიც შოკისმომგვრელი იყო რადიკალური ოპოზიციის სახელს ამოფარებული უცხოური აგენტურისა და მათი პატრონებისთვის, სამაგიეროდ, სრულიად გასაგები და მისაღები აღმოჩნდა ქართული საზოგადოებისთვის. პოლიტიკის ანაბანაა, რომ ნებისმიერი ქვეყანა, უპირველეს ყოვლისა, თავისი ინტერესებით მოქმედებს", - განაცხადა სუბარმა.
მისი თქმით, საქართველო ვერ გახდება კანონიერი სახელმწიფო, თუ არ შეაფასებს ყოფილი მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ადამიანის უფლებების ტოტალურ დარღვევებს, სისტემატურ დანაშაულებს, წამებას, მკვლელობას.
„და ბოლოს, თუ არ შევაფასებთ 2008 წლის ომში ქვეყნის ჩაბმას და საომარი მოქმედების ზონაში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობის მიტოვებას, რასაც ასეულობით ჩვენი მოქალაქის მსხვერპლი მოჰყვა. ეს არის დანაშაული, რასაც სხვა სახელს, გარდა სამშობლოს ღალატისა, ვერ ვუწოდებთ", - განაცხადა სუბარმა.
ვიდრე „ნაცმოძრაობა" და მისი თანამზრახველები მართლმსაჯულების წინაშე არ წარდგებიან, მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური კეთილდღეობა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ეროვნული ინტერესების განხორციელება ამ ქვეყანაში ორმაგად გართულდება, ხაზგასმით აღნიშნა სუბარმა.
პარტიის თავმჯდომარის თქმით, 2008 წლის ომი იყო სამშობლოს ღალატის უპრეცედენტო აქტი. პოლიტიკოსის თქმით, „თუ არ გვეცოდინება სიმართლე, ძნელი იქნება ნდობის აღდგენაზე ველაპარაკოთ ჩვენს თანამემამულეებს - აფხაზებსა და ოსებს".
საქართველომ კონტროლი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე 1990-იანი წლების დასაწყისში, შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დაკარგა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ამ რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა, ამის საპასუხოდ თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და საკანონმდებლო დონეზე კონფლიქტის ზონები ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა.
„ხალხის ძალა"
„ხალხის ძალა“ ცნობილია აშშ-ისა და სხვა დასავლელი პარტნიორების კრიტიკით. იგი 2022 წლის აგვისტოში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილმა დეპუტატებმა დააფუძნეს.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა" პარტიად გარდაიქმნება>>>
ამჟამად პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ აქტიურად თანამშრომლობს მმართველ პარტიასთან საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში.
ახალი მოძრაობა დაკომპლექტდა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ყოფილი დეპუტატებით. მოძრაობის დამფუძნებლები არიან სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი.
არჩევნები 2024
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება. დეპუტატებს პირველად ახალი სისტემით აირჩევენ: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%.
ბოლო გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება", „ნაცმოძრაობა" იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების" სასარგებლოდ.
ამ დროისთვის ოპოზიციურ პარტიებში შესაძლო კოალიციისა და თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს. გარდა ამისა, დააანონსეს ახალი პოლიტიკური ძალების გამოჩენაც, რომლებიც გამოკითხვებში ჯერ არ არიან ასახული.