თბილისი, 18 მარტი — Sputnik. საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა", რომელიც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილმა წევრებმა დააარსეს, პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება, ნათქვამია მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დამფუძნებელ ყრილობაზე, რომელიც 18 მარტს გაიმართება, აირჩევენ პარტიის მთავარი კომიტეტის შემადგენლობას და თავმჯდომარეს. ასევე, დამტკიცდება პარტიის წესდება და სტრუქტურა. გარდა ამისა, დამფუძნებელი ყრილობის ფარგლებში აირჩევენ პარტიის სარევიზიო და ხმის დამთვლელი კომისიების შემადგენლობასაც.
„ხალხის ძალა“ ცნობილია აშშ-ისა და სხვა დასავლელი პარტნიორების კრიტიკით. იგი 2022 წლის აგვისტოში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილმა დეპუტატებმა დააფუძნეს. ამჟამად პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ აქტიურად თანამშრომლობს მმართველ პარტიასთან საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში.
ახალი მოძრაობა დაკომპლექტდა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ყოფილი დეპუტატებით. მოძრაობის დამფუძნებლები არიან სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი.