ჩხაიძე: საქართველოში სეზონური ვირუსების პიკი გადავლილია

ინფექციონისტები შემთხვევების კლებას მარტის ბოლოს ვარაუდობენ
Sputnik
თბილისი, 18 მარტი - Sputnik. რესპირაციულ-ვირუსული ინფექციები ქვეყანაში კვლავ აქტიურია, თუმცა სეზონური ვირუსების პიკი გადავლილია, განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
ჩხაიძის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოში ყველაზე გავრცელებულიa რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი.
„ბოლო ორი თვის განმავლობაში პირველად, გრიპი აღარ არის დომინანტური ვირუსი საქართველოში და ისევ რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი გახდა ყველაზე ხშირი. გრიპი და გრიპისმაგვარი დაავადებები გადავლილია უკვე და შემდეგი კვირების განმავლობაში ველოდებით ამ შემთხვევების კლებას“, - განაცხადა იაშვილის საავადმყოფოს დირექტორმა.
როგორც მან აღნიშნა, სამედიცინო დაწესებულებებში გრიპის სიმპტომებით პაციენტების მიმართვიანობა კვლავ მაღალია.
ამ დროისთვის საქართველოში, ძირითადად, А და В ტიპის ვირუსები ცირკულირებს. ინფექციონისტები შემთხვევების კლებას მარტის ბოლოს ვარაუდობენ, მოსახლეობას კი სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენისთანავე აუცილებელია ექიმისთვის დროულად მიმართვა, განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ რისკ-ჯგუფში შემავალმა პირებმა.
საქართველოში ძირითადად გვხვდება H1N1 და H1N3 ვირუსები, რომლებსაც ახასიათებს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მაღალი ტემპერატურა, თავის, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, სისუსტე. ვირუსი ძირთადად ბავშვებში ცირკულირებს.
მთავარი რეკომენდაციები დაავადების დროს არის სხეულის ტემპერატურის კონტროლი, ბევრი სითხის მიღება და გართულების დროს ექიმთან ვიზიტი.