გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

უახლოეს დღეებში საქართველოში წვიმა, ნისლი და თოვლია ნავარაუდევი.
Sputnik
თბილისი, 18 მარტი - Sputnik. საქართველოში 19 მარტიდან 20 მარტის დღის მეორე ნახევრამდე ამინდი გაუარესდება, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
კერძოდ, უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.
უწყების ცნობით, ხილვადობის გაუარესებისა და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.