თბილისი, 17 მარტი — Sputnik. ევროპის ბიზნესის რეესტრების საერთაშორისო ასოციაციის (EBRA) გენერალურ ასამბლეასა და ასოციაციის ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც თბილისში 12-13 ივნისს გაიმართება, ასოციაციის წევრი ქვეყნებისა და ორგანიზაციების 150-ზე მეტი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას, ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოა.
„ევროპული ბიზნეს-რეესტრების კონფერენციაზე საქართველო წარადგენს ბიზნესის რეგისტრაციის მიმართულებით არსებულ მიღწევებს - გამარტივებულ პროცედურებს, რომლებიც დაფუძნებულია ელექტრონულ სერვისებზე. კომპანიების შესახებ ინფორმაციის მოძიება საჯარო რეესტრში ძალიან სწრაფად ხდება“, - განაცხადა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძემ.
მისი თქმით, EBRA-ს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს დაგეგმილი კონფერენციის დეტალები - ინფორმაცია კონფერენციის ძირითადი პროგრამის, სოციალური ღონისძიებების, კონფერენციის ვებგვერდისა და სხვა საორგანიზაციო საკითხების შესახებ.
ევროპის ბიზნესის რეესტრების საერთაშორისო ასოციაცია (EBRA) ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ქვეყნების 42 რეესტრს აერთიანებს და მიზნად ისახავს ბიზნესის რეგისტრაციის სფეროში ეფექტიანი თანამშრომლობის ხელშეწყობას.