თბილისი, 16 მარტი - Sputnik. თოვის, დაბალი ტემპერატურისა და ზვავსაშიშროების გამო საქართველოს გზებზე მთელი რიგი შეზღუდვები მოქმედებს, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
უწყების ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში
თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია