რას ვჭამთ: თბილისის ერთ-ერთ საშაურმეში შვიდი ადამიანი მოიწამლა

შაურმასა და შაურმისთვის განკუთვნილ ქათმის შემწვარ ხორცში მიკრობიოლოგიური დარღვევები გამოვლინდა.
Sputnik
თბილისი, 16 მარტი - Sputnik. თბილისში, საბურთალოს რაიონში მდებარე საშაურმე „დონ ჩიჩოsI“ წარმოებული შაურმით შვიდი ადამიანი მოიწამლა, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სააგენტოში შევიდა შეტყობინება კლინიკურად დადასტურებული საკვებისმიერი ინტოქსიკაციის ჯგუფური შემთხვევის შესახებ. შეტყობინების მიღებისთანავე სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა აღნიშნულ საშაურმეში სახელმწიფო კონტროლი (არაგეგმური ინსპექტირება) განახორციელეს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები არ დაფიქსირებულა, არაკრიტიკულ შეუსაბამობებზე კი გაიცა მითითებები გონივრული ვადის გათვალისწინებით.
გარდა ამისა, სააგენტოს ინსპექტორებმა ლაბორატორიული კვლევის მიზნით აიღეს სხვადასხვა სახის სურსათის ნიმუში (ქათმის შაურმა, ქათმის შაურმისთვის განკუთვნილი შემწვარი ხორცი, სალათის ფოთოლი (გარეცხილი, დაჭრილი) და გაყინული ქათმის ბარკალი.
„ლაბორატორიიდან მიღებული დასკვნის თანახმად, გამოვლინდა მიკრობიოლოგიური დარღვევები, კერძოდ: ქათმის შაურმა და შაურმისთვის განკუთვნილი ქათმის შემწვარი ხორცი დაბინძურებული იყო მეზოფილურ-აერობული და ფაკულტატურ-ანაერობული მიკროორგანიზმებით. ასევე აღმოჩნდა კოაგულაზა დადებითი სტაფილოკოკი და კოლიფორმები. კოლიფორმები გამოვლინდა სალათის ფოთოლშიც“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, საკვებისმიერი მოწამვლა არის დაავადება, რომელიც გამოწვეულია დაბინძურებული სურსათის მიღებით, უმეტეს შემთხვევაში, სურსათი დაბინძურებულია ბაქტერიებით ან ვირუსებით.
წყარო - სურსათის ეროვნული სააგენტო