ნარკოტიკების შენახვა-შემოტანა საქართველოში: ოთხ დაკავებულს უვადო პატიმრობა ემუქრება

ბრალდებულები ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს „მდმა“ და „ექსტაზი“.
Sputnik
თბილისი, 16 მარტი - Sputnik. საქართველო პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე, 4 პირს ბრალდება წარუდგინა, მათ პატიმრობა უკვე შეეფარდათ.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს „მდმა“ და „ექსტაზი“. ნარკოტიკების ნაწილი ქვეყანაში ერთ-ერთმა ბრალდებულმა შემოიტანა.
მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 262-ე და 273-ე პრიმა მუხლებით (ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდებულების დაკავების შესახებ 14 მარტს გახდა ცნობილი. საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანაში ბრალი ედება უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელმაც ნარკოტიკი თავისი სხეულით შემოიტანა და რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, ხოლო იმერეთის რეგიონში საქართველოს სამი მოქალაქის სახლებისა და ფერმების ჩხრეკის შედეგად დიდი რაოდენობით ექსტაზი და MDMA გამოვლინდა.