თბილისში ბინებზე მოთხოვნა კვლავ მზარდია - თებერვლის მონაცემები

ანალიტიკოსები გაყიდვების ზრდას პირველად ბაზარზე ბინების რეალიზაციის მატებას უკავშირებენ, სადაც 1,6 ათასზე მეტი ბინა გაიყიდა.
Sputnik
თბილისი, 15 მარტი – Sputnik. თბილისში ბინებზე მოთხოვნა 2024 წლის დასაწყისიდან იზრდება - თებერვალში 3,4 ათასი ობიექტია გაყიდული, რაც 0,9%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, ნათქვამია საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის ანგარიშში.
ანალიტიკოსები გაყიდვების ზრდას პირველად ბაზარზე ბინების რეალიზაციის მატებას უკავშირებენ (სამშენებლო კომპანიების/დეველოპერების მიერ გაყიდული უძრავი ქონება), სადაც 1,6 ათასზე მეტი ბინა გაიყიდა, რაც 11,8%-ით მეტია 2023 წლის თებერვალთან შედარებით.
ამავდროულად, გაყიდვები ერთ წელიწადში 7,5%-ით შემცირდა მეორად ბაზარზე (უძრავი ქონების რეალიზაცია ინდივიდუალური მესაკუთრის მიერ).
„ანალიტიკოსები მეორად ბაზარზე გაყიდვების შემცირებას ბინების შემდგომი გაქირავების მიზნით სპეკულაციური შესყიდვის პერიოდის დასრულებას უკავშირებენ, ვინაიდან ქირის ტარიფები და შემოსავალი შემცირდა და უბრუნდება ჯანსაღ დონეს“, - ნათქვამია ანგარიშში.
თებერვალში გაყიდული ბინების თითქმის ნახევარი (49%) დიდი დიღმის (646 ბინა), საბურთალოს (568 ბინა) და სამგორის (475 ბინა) რაიონებზე მოდიოდა. ამასთან, გაყიდვები შემცირდა დედაქალაქის ცენტრალურ რაიონებში - ვაკეში (135 ბინა) და მთაწმინდაზე (41 ბინა) შესაბამისად 11,2%-ით და 35,9%-ით.
G&T-ის ინფორმაციით, ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა - გაყიდვების ყველაზე დიდი წილი საშუალო ფართის ბინებზე (51-80 მ2) მოდის მათი ხელმისაწვდომობისა და გაქირავების სიმარტივის გამო. გარდა ამისა, შეინიშნება ბიუჯეტური ბინების წილის კლება (501-800 დოლარი კვ.მ-ზე), რაც ფასების მატებასთან არის დაკავშირებული.
ასევე თებერვალში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, პირველად ბაზარზე უძრავი ქონების ფასების ზრდის დინამიკა შენარჩუნდა. საშუალოშეწონილი ფასი 16,5%-ით გაიზარდა და 1,3 ათასი დოლარი შეადგინა. ასევე, გასული წლის თებერვალთან შედარებით მეორად ბაზარზე ძველ და ახალ ბინებზე ფასები შემცირდა 2,2%-ით და 4,1%-ით შესაბამისად.
2024 წლის თებერვალში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მოცულობა წინა წელთან შედარებით 4,9%-ით გაიზარდა და წლიურ ჭრილში 258,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ანალიტიკოსებმა ეს ძირითადად წინა წელთან შედარებით პირველად ბაზარზე ფასებისა და გაყიდვების ზრდას დაუკავშირეს.