საეკლესიო კალენდარი: 15 მარტი

მართლმადიდებლური ეკლესია ამ დღეს მოიხსენიებს: დიდმოწამე თეოდორ ტირონს, წმ. იოანე კათალიკოსს, მოწამეთა: ევტროპიოსს, კლეონიკეს, ბასილისკოს, ღირს პიამა ქალწულს, წმინდა ზენონს და ზოილეს.
Sputnik
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში.
წმიდა მოწამე თეოდორე ტირონი
პონტოს ამასიაში მდგარ პოლკში მსახურობდა. იგი ჯერ ისევ ახალწვეული მხედარი იყო („ტირონი“ ლათინურად ახალწვეულს ნიშნავს), როცა უსჯულო მეფეებმა - მაქსიმიანემ (305-311) და მაქსიმინემ (305-313) გამოსცეს ბრძანება, რომლის მიხედვით, ყველა ქრისტიანი, რომელიც უარს განაცხადებდა კერპთაყვანისცემაზე, სამსჯავროს უნდა გადასცემოდა. თეოდორესაც მოსთხოვეს ცრუ-ღმერთებისთვის მსხვერპლის შეწირვა, რაზეც მან მტკიცე უარი განაცხადა და საჯაროდ აღიარა ქრისტე. პოლკის სარდალმა, ბრინკამ წმიდანს რამდენიმე დღე მისცა მოსაფიქრებლად, მაგრამ მას არაფერი ჰქონდა გადასაწყვეტი. მხურვალე ლოცვებით განმტკიცებულმა წმიდანმა „ღმერთების დედის“ - სიბილას ტაძარი გადაწვა, რაც უკვე აშკარა გამოწვევა იყო. გამხეცებულმა მსაჯულმა ბრძანა, საპყრობილეში ჩაეგდოთ თეოდორე და შიმშილითა და წყურვილით მოეკლათ.
ამასოფლის მოყვარეთაგან განწირულ მოწამეს მაცხოვარი გამოეცხადა და უთხრა: „გამხნევდი, თეოდორე, მე შენთანა ვარ; ნუ მიიღებ მიწიერ საზრდელს და სასმელს, რამეთუ შენთვის გამზადებულია საუკუნო ცხოვრება ცათა შინა“. ნუგეშინისმიცემულმა თეოდორემ გაიხარა და ფსალმუნების გალობა დაიწყო. მის გალობას ანგელოსთა დასიც შეუერთდა. მცველებმა საოცრად ტკბილი ხმის გაგონებაზე ფანჯარაში შეიხედეს და დაინახეს თეთრ სამოსელში გამოწყობილ ჭაბუკთა სიმრავლე, რომელიც გარს შემოხვეოდა მოწამეს. როცა კარები გააღეს, სენაკში არავინ იყო თეოდორეს გარდა.
საეკლესიო კალენდარი: 14 მარტი
წარმართებს მალე გაუარათ თავზარდაცემამ და სატანჯველებს მისცეს ნეტარი აღმსარებელი: ჯერ ხეზე მიაბეს და სამთითებით ჯიჯგნეს, შემდეგ კი უზარმაზარი კოცონი დაანთეს და მასთან მიიყვანეს. ძვლებგაშიშვლებული თეოდორე შევიდა ცეცხლში, პირჯვარი გადაისახა და სულიწმიდის მადლით გაძლიერებულმა ლოცვით შეჰვედრა სული უფალს. ეს მოხდა 306 წლის 17 თებერვალს. ერთმა ღვთისმოსავმა ქალმა, ევსებიამ სუფთა ტილოში შეგრაგნა წმიდანის უხრწნელი ცხედარი და თავის სახლში დაკრძალა. შემდეგ მოწამის წმიდა ნაწილები კონსტანტინეპოლში, მისივე სახელობის ტაძარში გადაასვენეს, თავი კი იტალიის ქალაქ გაეტშია დაბრძანებული.
წმიდანის მიცვალებიდან 50 წლის შემდეგ უსჯულო მეფემ, იულიანე განდგომილმა (361-363), გადაწყვიტა, ფარულად შეებილწა ქრისტიანები. მან იხმო კონსტანტინეპოლის გამგებელი და უბრძანა, დიდმარხვის პირველი კვირიაკის ყოველ დღეს ბაზარში გასაყიდი სანოვაგისთვის ნაკერპავი სისხლი ესხურებინა. წმიდა თეოდორი ტირონი გამოეცხადა მთავარეპისკოპოს ევდოქსის და უბრძანა, ეცნობებინა მართლმადიდებლებისთვის, არ ეყიდათ ბაზარში სანოვაგე და ეჭამათ მხოლოდ კოლიო - თაფლთან ერთად მოხარშული ხორბალი.
ამ მოვლენის აღსანიშნავდ ეკლესია ყოველწლიურად დიდმარხვის პირველი შვიდეულის შაბათს წმიდა თეოდორეს ხსენებას დღესასწაულობს და მის პატივსაცემად აკურთხებს კოლიოს მორწმუნეთათვის.
წმიდა მოწამენი: ევტროპი, კლეონიკე და ვასილისკო
პონტოს ამასიაში აღესრულენ 308 წელს. ძმები, ევტროპი და კლეონიკე, და წმიდა დიდმოწამე თეოდორე ტირონის (ხს.17 თებერვალს) ძმისწული ვასილისკო, მეგობრები იყვნენ. წმიდა თეოდორეს მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ ისინი საპყრობილეში ჩაყარეს, სადაც მრავალი პატიმარი მოაქციეს ქრისტეს სჯულზე.
საეკლესიო კალენდარი: 13 მარტი
3 მარტს წმიდა ევტროპი და კლეონიკე ჯვარს აცვეს, ვასილისკო კი აფხაზეთში გადაასახლეს. 22 მარტს ქალაქ კომანში წმიდა ვასილისკოს თავი მოჰკვეთეს, გვამი კი მდინარეში გადააგდეს. ქრისტიანებმა მოძებნეს მისი ნეშტი და დამარხეს. მოგვიანებით კომანში ააშენეს წმიდა ვასილისკოს სახელობის ეკლესია.
ღირსი პიამა ქალწული
ქალაქ ალექსანდრიის მახლობლად მოღვაწეობდა. იგი საკუთარ სახლში დაყუდებულივით ცხოვრობდა, არავის ნახულობდა, საზრდელს დღეგამოშვებით ღებულობდა და მთელ დროს ლოცვასა და შრომაში ატარებდა. უფალმა წმიდანს წინასწარხილვის ნიჭი მიმადლა. ერთხელ მეზობელი სოფლის მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს წმიდა პიამას სოფლელების ამოწყვეტა, რათა ნილოსის მოქცევისას მხოლოდ თავიანთი მინდვრები მოერწყათ. ეს უფლისაგან ეუწყა წმიდა ქალწულს და თავისი სოფლის უხუცესებს შეატყობინა. შეშინებული უხუცესები ფეხებში ჩაუვარდნენ წმიდანს და სთხოვეს, წასულიყო მეზობელ სოფელში და გონს მოეყვანა მისი მცხოვრებლები. ქალწულმა ამაზე უარი განაცხადა _ ადამიანებთან კავშირი ხომ მას დიდი ხნის გაწყვეტილი ჰქონდა. ღვთისა და მოყვასის სიყვარულით აღსავსემ მთელი ღამე ლოცვაში გაატარა. დილით, როცა ბოროტისაგან გონდაბინდული, შეიარაღებული მეზობელი სოფლელები წმიდა ქალწულის სოფელს მოადგნენ, მოულოდნელად შედგნენ და ადგილიდან ფეხი ვერ მოიცვალეს. უფლის გამოცხადებით მათ შეიტყვეს, რომ ხელ-ფეხს წმიდა პიამას ლოცვა უბორკავდათ, გონს მოეგნენ და ბოროტი განზრახვა შეინანეს, შემდეგ წმიდა ქალწულის სოფელში ხალხი გაგზავნეს და შენდობა ითხოვეს. წმიდა პიამა მშვიდობით აღესრულა 337 წელს
წმიდა იოანე - ოქროპირ კათოლიკოსი
დაიბადა დაახ. X სს. 20-იან წლებში. წმიდანი დაახლოებით 980-1001 წლებში განაგებდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიას.
კათოლიკოსი ბასილი III (1065-1080) თხზულებაში „თხრობაჲ სასწაულთათვის წმიდისა და ღმერთშემოსილისა მამისა შიოსა“ მოთხრობილია, რომ წმიდა იოანეს მშობლებს დიდხანს არ ჰყავდათ შვილი და წმიდა შიო მღვიმელს (ხს. 9 მაისს) ევედრებოდნენ მეოხებას. შვილის შეძენის შემდეგ ღვთისმოშიშმა მშობლებმა შვილი აღსაზრდელად შიო მღვიმის მონასტერში მიაბარეს. სწორედ მონასტერში შეიძინა წმიდა იოანემ ის სიწმიდე და სიბრძნე, რის გამოც ერმა მას ოქროპირ კათოლიკოსი უწოდა და ასე შევიდა იგი საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში. წმიდა იოანე-ოქროპირ კათოლიკოსის შესახებ ვკითხულობთ, რომ იგი „ყოვლითურთ იქნა სწორ იოანე ოქროპირისა, რომლისა სათნოებანი და საქმენი უკეთუ ვინმეს უნდენ ცნობად, მიიღედ ხელად მისთვის აღწერილი წიგნი“ (რომელიც სამწუხაროდ დაკარგულია და აღარ მოგვეპოვება).
საეკლესიო კალენდარი: 12 მარტი
საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ცნობილია მეორე იოანე ოქროპირ-კათოლიკოსი, რომელსაც 1033-1049 წლებში ეპყრა საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის ტახტი. იგი იყო აღზრდილი და მემკვიდრე წმიდა მელქისედექ კათალიკოს-პატრიარქისა (ხს. 1 ოქტომბერს), რომლის ცხოვრებაც ასევე წმიდა იყო როგორც მისი წინამორბედი და შემდგომი კათოლიკოს-პატრიარქებისა, ამიტომაც წმიდა იოანე IV და იოანე V ხშირად აიგივებენ ერთმანეთთან.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით