დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღება: სუს-მა უცხოეთის მოქალაქეები დააკავა

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 7-დან 10 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
Sputnik
თბილისი, 15 მარტი – Sputnik. დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შენახვისა და გასაღების ფაქტზე სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ეგვიპტისა და ერაყის ორი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დგინდება, რომ საქართველოში დროებით მცხოვრებმა ეგვიპტისა და ერაყის მოქალაქეებმა მიმდინარე წლის 14 მარტს უკანონოდ გაასაღეს ყალბი 9.600 აშშ დოლარი. სწორედ ამ დროს მოხდა ბრალდებულის სახით მათი დაკავებაც.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 7-დან 10 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ გამოძიების მიმდინარეობისას შესაძლოა დამნაშავე პირთა წრე გაფართოვდეს.