სასამართლომ მამის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირს განაჩენი გამოუტანა

დაკავებულს პროკურატურა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას ედავებოდა.
Sputnik
თბილისი, 14 მარტი— Sputnik. მამის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს თელავის რაიონულმა სასამართლომ 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა , ნათქვამია საქართველოს პროკურატურის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წელს სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში ოჯახური დანაშაულისთვის ნასამართლევ მამაკაცს საცხოვრებელ სახლში სიტყვიერი დაპირისპირება მოუხდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მამასთან, რა დროსაც შურისძიების მოტივით, უმწეო მდგომარეობაში მყოფს დანა რამდენჯერმე დაარტყა. დაზარალებული მიყენებული ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
დაკავებულს ბრალდება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინა.
პროკურატურის ცნობით, გამოძიების ეტაპზე ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდა, რის შედეგადაც დანაშაულის ჩადენის დროს შეზღუდული შერაცხადობა დაუდგინდა.
სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.