თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის იანვარ-თებერვალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5%-ით შემცირდა და 2,9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 2,1 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2023 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით 2%-ით ნაკლები.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის იანვარ-თებერვალში
მაჩვენებელი | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა/კლება, % |
ექსპორტი | 803,2 | -12,2 |
იმპორტი | 2 138,2 | -2,0 |
სულ | 2 941,5 | -5,0 |
ექსპორტმა 803 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 12,2%-ით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
2024 წლის იანვარ-თებერვალში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 1,3 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 5,3%-ით მეტია.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2023 წელს 12,5%-ით გაიზარდა 2022 წელთან შედარებით და 21,5 მლრდ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ამასთან გასულ წელს 6,1 მლრდ დოლარის ქართული პროდუქციის ექსპორტი გაიტანეს, რაც 2022 წელთან შედარებით თითქმის 9,1%-ით მეტია.
2023 წელს ქვეყანაში 15,4 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2022 წლის იანვარი–ნოემბერთან შედარებით 14%-ით მეტი.