დიდუბეში ღამით აფეთქება მოხდა

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
Sputnik
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში წუხელ ღამით აფეთქება მოხდა, აფეთქების შედეგად დაზიანდა შენობის რამდენიმე სართული, იუწყება „პირველი არხი“.
აფეთება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. შენობიდან მცხოვრებლების ნაწილი გამოიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჩხარიტიშვილი და თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან მუსელიანი იმყოფებოდნენ.
მუსელიანის თქმით, აფეთქება პირველ სართულზე მდებარე კომერციულ ფართში გაზის გაჟონვას მოყვა.
„ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, არავინ დაშავებულა. მიმდინარეობს კორპუსის დათვალიერება. მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად კორპუსიდან, კორპუსის სადარბაზოებიდან და საცხოვრებელი ბინებიდან გამოყვანილი არის ყველა მოქალაქე“, – განაცხადა მუსელიანმა.
ჩხარტიშვილის თქმით, დაზარალებულ მოსახლეობას ზარალი აუნაზღაურდება.
„გამგეობა და მერია უზრუნველყოფს ამ კორპუსში მცხოვრებლებს საცხოვრებელი ბინებით და ყველა იმ საჭიროებით, რაც აქვთ“, – განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.
ადგილზე იყო მობილიზებული საპატრულო, სასწრაფო და საგანგებო სიტუაციების სამსახურები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.