თბილისსა და ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში მყარმა ნაწილაკებმა იმატა

ტრანსსასაზღვრო დაბინძურება წარმოადგენს მეტეოროლოგიურ ფენომენს და პანიკის საფუძველი არ არსებობს, განაცხადეს სააგენტოში
Sputnik
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. თბილისში და საქართველოს ზოგიერთ რაიონში 13 მარტიდან ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
სააგენტოს ინფორმაციით, მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება (PM10, PM2.5) ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.
PM10 - ეს არის ჰაერში არსებული ნებისმიერი მყარი ნაწილაკი 10 მიკრომეტრი ან ნაკლები დიამეტრით, მათ შორის კვამლი, მტვერი, ჭვარტლი, მარილები, მჟავები და ლითონები.PM2.5 - შეწონილი მყარი მიკრონაწილაკები და სითხის უმცირესი წვეთები (10 ნმ - 2,5 მიკრონი დიამეტრის).
როგორც სააგენტოში აღნიშნეს, ტრანსსასაზღვრო დაბინძურება წარმოადგენს მეტეოროლოგიურ ფენომენს და პანიკის საფუძველი არ არსებობს.
„აღსანიშნავია, რომ ტრანსსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს“, - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე: www.air.gov.ge.