თაღლითობა მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით - ორი პირი დააკავეს

ბრალდებულებმა ყალბი მინდობილობით უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი მიწის ნაკვეთების გაყიდვა სცადეს.
Sputnik
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მოტყუებით დაუფლების მცდელობისთვის სამართალდამცველებმა ოთხი ადამიანი ამხილეს, იუწყება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თითქოსდა აზერბაიჯანში გაცემული ნოტარიულად დამოწმებული ყალბი მინდობილობის საფუძველზე, უძრავი ქონების მესაკუთრის სახელით, თბილისის იუსტიციის სახლში წარადგინეს განცხადება, რომლის საფუძველზეც შეეცადნენ უცხოეთის მოქალაქის სახელზე რეგისტრირებული - თბილისში მდებარე 624.472 ლარის ღირებულების ორი მიწის ნაკვეთის გასხვისებას.
უწყების ცნობით, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ოთხი პირის მიმართ დაიწყო, რომელთაგან ორი დაკავებულია.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თაღლითებს ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.