თბილისი, 13 მარტი — Sputnik. კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი, ე.წ. კანონიერი ქურდი ზაქარია (შაქრო) კალაშოვი („შაქრო მოლოდოი”) პატიმრობიდან გაათავისუფლეს, იუწყება „ოდიშინიუსი".
გამოცემის ცნობით, კალაშოვი „უდოს" (მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლება და დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლა) საფუძველზე გათავისუფლდა. დადგენილება უსტ-ლაბინსკის სასამართლომ მიიღო, რომელმაც 71 წლის კალაშოვის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ შემოსული მოთხოვნა დააკმაყოფილა.
შაქრო კალაშოვს 10-წლიანი სასჯელი 2018 წელს შეეფარდა, ბრალად კი მოსკოვის რესტორნის Elements-ის მფლობელისთვის თანხის გამოძალვის ორი ეპიზოდი წაუენეს.
ზაქარია კალაშოვი 1953 წელს თბილისში დაიბადა. „კანონიერ ქურდად“ ის 1971 წელს საქართველოს დედაქალაქში „აკურთხეს“. 1990-იანი წლების დასაწყისში კალაშოვი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა.
ის რუსეთში, სადაც გავლენიან კრიმინალურ ავტორიტეტად მიიჩნევა, სამჯერ გაასამართლეს. 2000 წელს ის ესპანეთში წავიდა.
2005 წელს ესპანეთის სპეცსამსახურებმა დაახლოებით 30 ადამიანი, ე.წ. რუსული მაფიის წევრები დააკავეს. მაშინ კალაშოვმა მიმალვა შეძლო.
2006 წელს კალაშოვი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დააკავეს და ესპანეთს გადასცეს. მას 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მოგვიანებით სასჯელი შეუმსუბუქეს. 2014 წელს კალაშოვი რუსეთში დაბრუნდა.
2006 წელს საქართველოს სასამართლომ შაქრო კალაშოვს აშშ-ის მოქალაქის გატაცებისა და „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის დაუსწრებლად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.