თბილისი, 12 მარტი - Sputnik. გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს ბათუმში ახალი ავტომატური სადგური დაემატა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ახალი სადგური გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის სამეფოს მთავრობის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო" ფარგლებში შეემატა.
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ვასილ გედევანიშვილმა განაცხადა, უწყება აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოების მიმართულებით, რაც მნიშვნელოვანია როგორც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულების, ისე საქართველოში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების უზრუნველყოფისთვის.
„განსაკუთრებით აღსანიშნავია ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის ქსელის გაფართოება, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა, რომელიც მიმართულია აღნიშნული კუთხით ქვეყნის შესაძლებლობების გაძლიერებაზე“, - განაცხადა გედევანიშვილმა.
„გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ საქართველოსა და შვედეთის მთავრობებს შორის გაფორმებული საგრანტო შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე პროექტია, რომლის პრიორიტეტული მიმართულებებია ბიომრავალფეროვნების დაცვისა და აღდგენის ხელშეწყობა, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაუმჯობესება, ასევე სამინისტროსა და მასში შემავალი უწყებების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება.
პროექტის ფარგლებში შეძენილია 8 ავტომატური და 1 მობილური სადგური. ბათუმის გარდა, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურები გაიხსნება ზუგდიდში, თელავსა და მესტიაშიც.
გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო მაჩვენებლებს 2015 წლიდან ამოწმებს. საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დამონტაჟებულია მოწყობილობები ჰაერში დაბინძურების კონცენტრაციის გასაზომად. მონიტორინგის ფარგლებში სპეციალისტები იღებენ ნიმუშებს სხვადასხვა დამაბინძურებელზე – აზოტისა და გოგირდის, ოზონისა და ბენზოლის დიოქსიდებზე.
ქვეყნის მასშტაბით, უკვე ფუნქციონირებს 14 ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგური, მათ შორის 12 ავტომატური და 2 მობილური.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის თანამედროვე სადგურიდან მიღებული ინფორმაცია საშუალებას იძლევა, დაიგეგმოს ახალი ღონისძიებები და პროექტები, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ჰაერის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას. აღნიშნული მონაცემები განთავსდება სააგენტოს პორტალზე www.air.gov.ge .