ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია

ამ დროისათვის პროექტით გათვალისწინებული ხუთივე გვირაბი გაჭრილია და 20 ხიდიდან 19 აშენებულია.
Sputnik
თბილისი, 12 მარტი - Sputnik. ბათუმის შემოვლითი გზის ურთულესი პროექტი, რომლის მშენებლობაც რთულ გეოლოგიურ პირობებში მიმდინარეობს, წელს დასრულდება, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ბათუმის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ.
ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია. დაგეგმილია 14 კმ-იანი ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 20 სახიდე გადასასვლელის და 5 გვირაბის მშენებლობა.
პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) 329.630.734 ლარის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
„ამ დროისთვის ხუთივე გვირაბი გაჭრილია, სამ გვირაბში უკვე დასრულებულია მოსახვა და საფარის დაგება. მიმდინარეობს საინჟინრო ქსელების მონტაჟი. 20 ხიდიდიდან 19 – აშენებულია. ეს ყველაფერი ხელშესახებს ხდის იმას, რომ წელს ნამდვილად დასრულდება ბათუმის შემოვლითი გზის ურთულესი პროექტი“, – აღნიშნა ქარსელაძემ.
ბათუმის ახალი შემოვლითი გზა გაივლის მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.
ამჟამად ერთადერთი გზა ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში გადის, რაც ართულებს საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტის მიმოსვლას.
პროექტის დასრულების შემდეგ ბათუმის შემოვლითი გზა, ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად, სრულიად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში და გზის დასაფარად საჭირო დრო 30-40 წუთიდან 8 წუთამდე შემცირდება. გარდა ამისა, საკურორტო ზონაში მნიშვნელოვნად გაჯანსაღდება ეკოლოგიური მდგომარეობა.
ბათუმის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოები 2018 წელს დაიწყო.