თბილისი, 10 მარტი - Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა საბა ფურცელაძემ ეგვიპტეში ქალაქ შარმ-ელ-შეიხის საერთაშორისო ტურნირზე გაიმარჯვა, იუწყება „პირველი არხი".
22 წლის ქართველი ჩოგბურთელი შეჯიბრებაზე მეოთხე ნომრად იყო განთესილი - ფინალში ფურცელაძემ პოლონელი მარტინ პაველსკი სამ სეტში, 3:6, 6:3, 7:6 (10:8) დაამარცხა.
ფინალისკენ მიმავალ გზაზე ქართველმა ჩოგბურთელმა ოთხი ეგვიპტელი სპორტსმენი დაამარცხა. რაც შეეხება მის მეტოქეს, პაველსკი ტურნირზე მეექვსე ნომერი იყო.
ამ მომენტისთვის საბა ფურცელაძე პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა კლასიფიკაციაში 459-ე ადგილზეა. ორშაბათს ATP-ის რეიტინგი განახლდება და, სავარაუდოდ, იგი რამდენიმე ადგილით წინ წაიწევს. ეს მაჩვენებელი ქართველ ჩოგბურთელებს შორის საუკეთესოა.