თბილისი, 10 მარტი — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის არაგადამდები დაავადებების პროგრამების კოორდინატორმა კახა ღვინიანიძემ საქართველოში თამბაქოს აქციზის განაკვეთის 60-დან 30 ლარამდე შემცირების იდეას საგანგაშო უწოდა.
თამბაქოს ნაწარმზე აქციზის განაკვეთი, შესაძლოა, განახევრდეს. შესაბამისი ცვლილებები „საგადასახდო კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მოხდა. ცვლილებები ითვალისწინებს აქციზის განაკვეთის შემცირებას თამბაქოს ნედლეულზე, თამბაქოს ნარჩენებზე, ჩილიმით მოსაწევ თამბაქოზე, „ჰომოგენიზებულ“ ან „აღდგენილ“ თამბაქოზე, საღეჭ ან საყნოს (ბურნუთი) თამბაქოზე და ა.შ.
„ეს ეწინააღმდეგება თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო პოლიტიკას, რომელიც 2021 წელს დამტკიცდა, ეს ეწინააღმდეგება თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციას, რომლის წევრიც საქართველოა, ეს ეწინააღმდეგება ასოცირების დირექტივის 283-ე მუხლს“, - განაცხადა ღვინიანიძემ მედიაპლატფორმა BMG-ის ეთერში.
რაც მთავარია, ინიციატივა ბაზარზე იაფფასიან თამბაქოს შემოიტანს, ხაზგასმით აღნიშნა მან.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილისა და აღნიშნული კომიტეტის სხვა წევრების ინიციატივით, პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც თამბაქოს ნაწარმზე აქციზის განაკვეთის 60-დან 30 ლარამდე შემცირებას ითვალისწინებს.
ცვლილებების ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან, რომლებიც განმარტავენ, რომ გადასახადების შემცირება დარგის განვითარების სტიმულირებისთვის, კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის და არალეგალური სიგარეტის იმპორტის შემცირებისთვის საჭირო ბერკეტია.
მათი თქმით, აქციზის შემცირების შემდეგ ბიუჯეტის წლიური შემოსავალი თითქმის 25 მილიონი ლარით შემცირდება.
საქართველოში სიგარეტისა და თამბაქოს სხვა ნაწარმის იმპორტი აქციზს ექვემდებარება. თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანიის ფარგლებში გაიზარდა აქციზის ღირებულება, რამაც გამოიწვია ალტერნატიული უაქციზო სიგარეტების აქტიური შემოდინება, რომლებიც მოთხოვნადია დაბალი ფასების გამო.
2017 წლის იანვრიდან ერთი კოლოფი ფილტრიანი სიგარეტის აქციზის ფასი 0,6 ლარით გაიზარდა და 1,7 ლარი შეადგინა. ზუსტად ორი წლის შემდეგ, 2019 წელს გათანაბრდა ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების სააქციზო განაკვეთი.
თამბაქოს ნაწარმზე აქციზის განაკვეთის ზრდა საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ერთ-ერთ პუნქტს წარმოადგენს. თავდაპირველად, საქართველოსთვის ამ ვალდებულების შესრულების ვადა 2022 წლამდე იყო განსაზღვრული, მოგვიანებით კი მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის საფუძველზე ვადა 2026 წლამდე გადაიდო.
აქციზის განაკვეთის გაზრდის გამო საქართველოში სიგარეტი თითქმის ორნახევარჯერ გაძვირდა - 2019 წელს ფასმა ორჯერ მოიმატა, საშუალოდ 1 ლარით, ამჟამად სიგარეტის ერთი კოლოფი საშუალოდ 5-10 ლარი ღირს.