ექს-პრემიერის პარტია არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს

როგორც გახარიამ აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ნებისმიერი კოალიცია შეუძლებელია და არის „წითელი ხაზი“, ისევე როგორც მმართველ პარტიასთან გაერთიანება.
Sputnik
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის" ლიდერმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მისი პარტია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად, ვინმესთან კოალიციაში გაერთიანების გარეშე მიიღებს.
გიორგი გახარიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2021 წლის 18 თებერვალს მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან" აზრთა სხვადასხვაობის გამო დატოვა. გახარია „ქართულ ოცნებასთან" ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე ვერ შეთანხმდა. გახარიას მიაჩნდა, რომ მელიას დაკავება მიზანშეწონილი არ იქნებოდა. მოგვიანებით ექს-პრემიერმა ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის" დააფუძნა.
„ჩვენ არჩევნებზე დამოუკიდებლად გავალთ - არასდროს ვყოფილვარ ისეთი ოპტიმისტი, როგორიც დღეს ვარ, არასდროს მქონია ბრძოლის ისეთი უნარები, როგორიც დღეს მაქვს“, - განაცხადა გახარიამ ჟურნალისტებთან.
როგორც გახარიამ აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ნებისმიერი კოალიცია შეუძლებელია და არის „წითელი ხაზი“, ისევე როგორც მმართველ პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოსთან“ გაერთიანება.
„ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენთვის კოალიცია სხვაა და თანამშრომლობა სხვა. „ნაციონალურ მოძრაობასთან" კოალიცია კატეგორიულად მიუღებელია, ეს არის „წითელი ხაზი“, „ოცნება“ „ლურჯი ხაზია“ იმიტომ, რომ დღევანდელი მმართველი პარტია მიუღებელია“, - განაცხადა გახარიამ.
ყოფილი პრემიერის თქმით, დღეს მმართველი პარტია არწმუნებს ამომრჩეველს, რომ მათ სხვა არჩევანი არ აქვთ, გარდა იმისა, რომ ხმა მისცენ „ქართულ ოცნებას", ანალოგიურად არწმუნებს საზოგადოებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს პირველად აირჩევენ ახალი სისტემით: არჩევნები ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და საქართველოს პარლამენტი მთლიანად 5%-იანი ბარიერგადალახული პარტიების პარტიული სიებით დაკომპლექტება, მასში არ იქნებიან რაიონებში პირდაპირი კენჭისყრით არჩეული დეპუტატები. მანდატების რაოდენობა პირდაპირ იქნება დამოკიდებული ხმების რაოდენობაზე და იმაზე, თუ რამდენი პარტია გადალახავს ბარიერს.