ქართველი გოგონა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მუსიკალური დაჯილდოების ნომინანტია

მსგავს გამოცემებს შორის Billboard მიჩნეულია ყველაზე ობიექტურ და ავტორიტეტულ გამოცემად
Sputnik
თბილისი, 9 მარტი– Sputnik. ცნობილი ამერიკული მუსიკალური გამოცემა Billboard Women in Music-ის ისტორიაში პირველად, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დაჯილდოების სიაში ქართველი ქალი მუსიკოსი დასახელდა - 2024 წლის Global Force-ის ნომინანტთა შორის ნინი ნუცუბიძე მოხვდა, იუწყება Billboard Georgia.
Global Force არის ახალი ნომინაცია, რომელიც გამოცხადდა Women in Music Awards 2024-ის ფარგლებში. მასში წარმოდგენილი არიან ქალი მუსიკოსები, მომღერლები, კომპოზიტორები, ინსტრუმენტალისტები და პროდიუსერები სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებმაც სამშობლოში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს მუსიკის განვითარებაში.
ნომინაციაში იმ ქვეყნების წარმომადგენელი ქალი მუსიკოსები შევიდნენ, რომლებშიც Billboard ოფიციალურად მაუწყებლობს. ნომინაციის მიზანია - ახალი ტალანტების შემოქმედების მსოფლიოსთვის გაცნობაა.
ნინი ნუცუბიძე
Billboard Georgia-ს მხარდაჭერით ამ ნომინაციაში წარდგენილია 24 წლის ქართველი ნინი ნუცუბიძე. მასთან ერთად ამ ნომინაციაში წარადგინეს მომღერლები არგენტინიდან, ბრაზილიიდან, იტალიიდან, ჩინეთიდან და ფილიპინებიდან.

„2024 წლის ორ თვეში ნინი ნუცუბიძემ უკვე ორი სინგლის გამოშვება მოახერხა: Nana Sh-t და Lutecia (Girl, You’re Gold), ასევე გამოსცა სამკომპოზიციანი EP – Paper Planes. ნუცუბიძის შემოქმედებაში ქართული კულტურა ექსპერიმენტულ ელექტრონულ მუსიკას ერწყმის“, - წერს Billboard ნინი ნუცუბიძის შესახებ.

პოპულარული შემსრულებელი ნინი ნუცუბიძე თბილისში დაიბადა. მის შემოქმედებაში ტრადიციული ქართული მუსიკა ოსტატურად ერწყმის ელექტრონულ მოტივებს და ექსპერიმენტულ რიტმებს.
ნინი საქართველოში ხშირად გამოდის სხვადასხვა შოუებსა და კონცერტებზე. საზოგადოებას განსაკუთრებით მოეწონა მისი თანამშრომლობა Tamada-სთან და პიანისტ გიორგი გიგაშვილთან. ახლა გოგონა სწავლობს ბერლინის შემოქმედებითი ხელოვნებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (Catalyst).
Billboard ყველაზე მეტად ცნობილია თავისი ჩარტებით. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია Billboard Hot 100. ჟურნალი ყოველწლიური გაყიდვების შედეგების მიხედვით ანიჭებს ჯილდოს - Billboard Music Awards-ს. Billboard-ს მსგავს გამოცემებს შორის ყველაზე ობიექტურ და ავტორიტეტს უწოდებენ.