თბილისი, 8 მარტი – Sputnik. ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
უწყების ცნობით, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ტრაილერების მოძრაობა თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო გუშინ აიკრძალა.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი"–„ზემო ლარსი" – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია.