თბილისი, 7 მარტი – Sputnik. საქართველოს დედაქალაქი 22-24 მარტს ძიუდოს დიდი სლემის ტურნირს უმასპინძლებს, სადაც თბილისის ტურნირისა და ოლიმპიური თამაშების მოქმედი ჩემპიონი ლაშა ბექაური იჭიდავებს.
შვიდ წონით კატეგორიაში 50 ქვეყნის 400-მდე ძიუდოისტი იასპარეზებს.
„გელოდებით ახალ სპორტის სასახლეში ჩემს გულშემატკივარს მთელი საქართველოდან. ძალიან გამახარებთ. მე, რა თქმა უნდა, ვეცდები ჩემპიონობით გაგახაროთ“, - დაწერა ლაშა ბექაურმა სოციალურ ქსელში.
აღსანიშნავია, რომ ტურნირზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ჯერ არ გამოცხადებულა.
იაპონიის ნაკრების შემადგენლობა თბილისის გრანდ სლემზე:
73 კგ – სოიჩი ჰაშიმოტო
90 კგ – გოკი ტაჯიმა
100 კგ – კოტარო უეოკა
78 კგ – აკირა სონე
2023 წელს თბილისში ქართველმა ძიუდოისტებმა სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ჩემპიონები ლაშა ბექაური (90კგ), ილია სულამანიძე (100 კგ) და გელა ზაალიშვილი (+100 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლებს გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) და ლუკა მაისურაძე (90 კგ) დაეუფლნენ, ხოლო ბრინჯაოს – ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ).