რა ეტაპზეა გზის მშენებლობა რიკოთზე: ბოლო ინფორმაცია

მაისიდან ავტოტრანსპორტს აღარ მოუწევს ქალაქ ზესტაფონში შესვლა - მძღოლები ისარგებლებენ ზესტაფონის შემოვლითი, ახალი ოთხზოლიანი გზით, განაცხადა მინისტრმა
Sputnik
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. რიკოთის უღელტეხილზე შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობა დამამთავრებელ სტადიაზე, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ.
რიკოთი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს აერთიანებს და ამავე დროს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია. რიკოთზე საერთო ჯამში 51,6 კმ-მდე სიგრძის მაგისტრალური ოთხზოლიანი გზა 97 ხიდსა და 51 გვირაბს მოიცავს, რაც მგზავრობის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს. რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობა ოთხ მონაკვეთად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი–ხევის 11,6 კმ-იან, ხევი–უბისას 12,2 კმ-იან, უბისა–შორაპნის 13 კმ-იან და შორაპანი–არგვეთას 14,7 კმ-იან მონაკვეთებად.
„დასკვნით ფაზაშია რიკოთის შემადგენელი შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი, სადაც გაჭრილი და მოსახულია პროექტით გათვალისწინებული ათივე გვირაბი, 17 ხიდიდან აშენებულია 15 ხიდი და მიმდინარეობს ორ ხიდზე კოჭების მოწყობა, საფარის, საინჟინრო სისტემებისა და სხვა სამონტაჟო სამუშაოები. შესაბამისად, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი გზით მოსახლეობა მაისიდან ისარგებლებს“, - განაცხადა ქარსელაძემ.
მინისტრის თქმით, მაისიდან ავტოტრანსპორტს აღარ მოუწევს ქალაქ ზესტაფონში შესვლა და ისარგებლებს ზესტაფონის შემოვლითი, ახალი ოთხზოლიანი გზით, რომელიც არგვეთის კვანძთან შეუერთდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალს.
„ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც კომფორტულ და შეუფერხებელ გადაადგილებას, ისე საგზაო უსაფრთხოების სტანდარტის გაზრდას. ბუნებრივია, გზის დარჩენილ მონაკვეთზე გაგრძელდება სამუშაოები“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
მინისტრმა ისაუბრა სპეციალურ სავაჭრო მოედნებზეც, რომლებიც ახალ მაგისტრალურ გზასთან მოეწყობა. მისი თქმით, უკვე მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები შროშასთან შესაბამისი მოედნების მოსაწყობად, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას თიხის ნაკეთობების რეალიზაციის შესაძლებლობა ექნება.
გარდა ამისა, უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში, გამოცხადდება სურამსა და ზესტაფონში ტრადიციული პროდუქციით სავაჭრო ადგილებისთვის გათვალისწინებული მოედნებისა და ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა.
გზის მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე
უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის პროექტით გათვალისწინებული 51 გვირაბიდან გაჭრილია 50, გრძელდება 51-ე გვირაბის გაჭრა. აქედან 38 გვირაბით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს. ასევე, პროექტით გათვალისწინებული 97 ხიდიდან უკვე აშენებულია 89 ხიდი. 65 დასრულებული ხიდით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს.
რიკოთის უღელტეხილზე გზის მშენებლობა საუკუნის პროექტია, რომელიც ხორციელდება ურთულეს გეოგრაფიულ მარშრუტზე ურთულესი საინჟინრო ნაგებობებით.
რიკოთის მონაკვეთი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაში გარდამტეხი პროექტია, რადგან მისი რეალიზაციის შედეგად ავტომაგისტრალის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში უკვე აშენებული მონაკვეთები ერთმანეთს დაუკავშირდება.
გზის მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე
ამ დროისათვის რიკოთზე გადაადგილების საშუალო სიჩქარე 60 კმ/სთ-ია, მშენებლობის დასრულების შემდეგ გადაადგილების დასაშვები სიჩქარე გაიზრდება, რიგ მონაკვეთებზე კი თითქმის გაორმაგდება. ახალი გზა საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს ითვალისწინებს.
რიკოთის უღელტეხილზე გზის მონაკვეთების მშენებლობაზე 2,6 მლრდ ლარია გამოყოფილი. სამშენებლო სამუშაოები 2024 წელს დასრულდება.
აღმოსავლეთი–დასავლეთის გზის ყველა მონაკვეთის მშენებლობის დასრულების შემდეგ „წითელი ხიდიდან" (აზერბაიჯანთან საზღვარი) სარფამდე (თურქეთთან საზღვარი) ჩასვლა რვა საათის ნაცვლად 4–4,5 საათში იქნება შესაძლებელი.
გზის მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე
აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.