„ჩავერიე და მოქნეული ხელი მომხვდა“- იაგო ხვიჩია სცემეს

ფიზიკური დაპირისპირება პარტიის ოფისში „გირჩის“ დახმარებით ჯარიდან „დახსნილი“ წვევამდელის ძმის მისვლას მოჰყვა.
Sputnik
თბილისი, 7 მარტი – Sputnik. ოპოზიციური პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ერთ-ერთ ლიდერს პარლამენტარ იაგო ხვიჩიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ინცინდენტი ოპოზიციური პარტიის ოფისში ცოტა ხნის წინ მოხდა.
„ადამიანი მოვიდა ოფისში, რომლის ძმაც ჩვენ დავტოვეთ ჯარიდან თავის დროზე, „ბიბლიური თავისუფლების“ დახმარებით. შემდეგ ეს ძმა წავიდა ამერიკაში. ახლა მეორე ძმამ, მამა შალვას და მისი ძმაკაცების პროპაგანდიდან გამომდინარე გადაწყვიტა, რომ მისი ძმა ჩვენ სატანას ვაზიარეთ“, - განაცხადა ხვიჩიამ.
დეპუტატის თქმით, პარტიის ოფისში მისულმა მოქალაქემ შეურაცხოფა ჯერ თანამშრომლებს მიაყენა, შემდეგ კი მას გაუსწორდა.
„ჩავერიე და მისი მოქნეული ხელი მომხვდა. ეს ტიპი არავის მოგზავნილი არ არის, არც საპატრიარქოსი და არც მთავრობის. ჩვეულებრივი სულელია. რიგითი სულელები რომ არიან, რომლებიც ჭედავენ“, - თქვა ხვიჩიამ.
იაგო ხვიჩიას დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული.
დეპუტატის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ის არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, მის შეურაცხმყოფელს „სავარაუდოდ, მაინც ჩააყუდებენ, ციხეში“.
ოპოზიციური პარტია „გირჩი“ საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებისთვის იბრძვის. გირჩის ლიდერებმა 2017 წლის აპრილში. დაარეგისტრირეს ორგანიზაცია „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება“ , დაარეგისტრირეს როგორც მაშინ ოპოზიციონერებმა განმარტეს, რომლებიც ქვეყანაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ გამოდიან, მათ ახალგაზრდების ჯარისგან გათავისუფლების ლეგალურ ხერხს მიაგნეს.