ბრძოლა ქურდულ სამყაროსთან - სასამართლომ 10 ადამიანი დამნაშავედ ცნო

პროკურატურა აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს.
Sputnik
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ „კანონიერ ქურდობაში“, „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო, იუწყება საქართველოს პროკურატურა.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდის“ დავალებით და დისტანციურად მონაწილეობით, „ქურდული სამყაროს“ წევრებმა თბილისში „ქურდული გარჩევა“ მოაწყვეს, სადაც ფინანსური დავა განიხილეს და ერთ-ერთ მოდავე მხარეს 80.000 ლარის გადახდა დააკისრეს.
პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება „კანონიერი ქურდობის“, ხოლო ცხრა პირს - „ქურდული სამყაროს“ წევრობის მუხლებით წარუდგინა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, „კანონიერ ქურდობაში“ ბრალდებულს სასჯელის სახით 10 წლით, „ქურდული სამყაროს“ წევრობაში ბრალდებულ 3 პირს - 8 წლით, ხოლო 5 პირს - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.
რაც შეეხება „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე კიდევ ერთ ბრალდებულს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისი ქმედება გადაკვალიფიცირდა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერად და სასჯელის სახით 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
„დასაბუთებული განაჩენის მიღების შემდგომ, ბრალდების მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას აღნიშნულ პირთან მიმართებაში სააპელაციო წესით გაასაჩივრებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
პროკურატურის განცხადებით, უწყება აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს.