წვიმა, თოვლი და ქარბუქი: საქართველოში ამინდი გაუარესდება

უამინდობის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
Sputnik
თბილისი, 5 მარტი - Sputnik. უახლოეს დღეებში საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სინოპტიკოსების ცნობით, 7 მარტიდან 8 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
„მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.