თბილისი, 5 მარტი — Sputnik. საქართველომ აზერბაიჯანის მიერ სახმელეთო საზღვრის ჩაკეტვის გამო 1,5 მილიონზე მეტი ტურისტი დაკარგა და პანდემიამდელ მაჩვენებლამდე დაბრუნება ვერ შეძლო, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციაზე.
აზერბაიჯანმა სახმელეთო საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება 2020 წლის გაზაფხულზე, კორონავირუსის პანდემიის გამო მიიღო. მაშინ ბაქოში განაცხადეს, რომ საკარანტინო რეჟიმი გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე ამის საჭიროება იქნება. მთავრობის ბოლო გადაწყვეტილებით, ქვეყანა სახმელეთო საზღვრებს 2024 წლის 2 აპრილს გახსნის.
„ჩვენი მეზობელი ქვეყნის აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი კვლავ დაკეტილია. ეს პირდაპირ გამოიხატება ციფრებში... აღნიშნული ფაქტორის გამო ჩვენმა ქვეყანამ, ფაქტობრივად, დაკარგა 1,5 მილიონზე მეტი ტურისტი", - განაცხადა ქვრივიშვილმა.
ეს დაახლოებით 400 მლნ დოლარის ეკვივალენტია, განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა ის, რომ საქართველოს ტურისტული ნაკადების აღდგენა სრულად ვერ მოხდა.
აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოსვლა, ისევე როგორც გასვლა შესაძლებელია მხოლოდ საჰაერო გზით.
აზერბაიჯანი საქართველოს ხუთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორიდან ერთ-ერთია. მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2024 წლის იანვარში 93 მილიონი დოლარი შეადგინა.