თბილისი, 5 მარტი — Sputnik. საქართველომ გლობალური ტერორიზმის 2024 წლის ინდექსში სარეიტინგო პოზიცია ხუთი პუნქტით გაიუმჯობესა და ტერორიზმისაგან თავისუფლებით მსოფლიოში საუკეთესო შეფასება დაიმსახურა, ნათქვამია საერთაშორისო ორგანიზაცია და ანალიტიკური ცენტრ „ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის“ (IEP) კვლევაში.
კვლევის თანახმად, საქართველო ტერორიზმის ნულოვანი დონის მქონე ქვეყნებს შორისაა და ამ მაჩვენებლით დაახლოებით 50 სხვა ქვეყანასთან ერთად საუკეთესო, ანუ ბოლო – 89-ე ადგილს იკავებს.
ეს არის გლობალური ტერორიზმის ინდექსის (GTI) მეთერთმეტე გამოცემა, რომელიც მოიცავს 2012 წლიდან მოყოლებული ტერორიზმის ძირითადი გლობალური ტენდენციებისა და ნიმუშების ყოვლისმომცველ შეჯამებას. GTI არის კომპლექსური კვლევა, რომელიც აანალიზებს ტერორიზმის გავლენას 163 ქვეყანაში, სადაც მსოფლიო მოსახლეობის 99,7% ცხოვრობს.
გლობალური ტერორიზმის ინდექსის მიხედვით, ევროპისა და შავიზღვისპირეთის ქვეყნებს შორის საქართველო ტერორიზმისაგან თავისუფლებით საუკეთესო ოცეულშია.
ტერორიზმის კუთხით ყველაზე საშიში ქვეყნებია ბურკინა-ფასო, ისრაელი, მალი, პაკისტანი და სირია.