თბილისი, 5 მარტი — Sputnik. 2023 წელს საქართველოს რკინიგზით გადატანილია 13,6 მლნ ტონა ტვირთი, რაც 8,2%-ით ნაკლებია 2022 წლის მაჩვენებელზე, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული მოცულობიდან 12% მოდის ადგილობრივ გადაზიდვებზე, 31,1% – საერთაშორისო გადაზიდვებზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 56,9% – ტრანზიტზე.
2023 წელს საერთაშორისო გადაზიდვების რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის მოცულობის 27,4% ქვეყნიდან გატანილ ტვირთზე მოდის, ხოლო 72,6% – ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე.
გარდა ამისა, რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 47,4% გამოგზავნილია რუსეთიდან, 26,5% – აზერბაიჯანიდან, 3,4% – თურქმენეთიდან, 3,2% – რუმინეთიდან, 2,8% – ბულგარეთიდან, 2,3% - თურქეთიდან, 1,3% - ბელარუსიდან და 1,2% - ჩინეთიდან.
ტვირთების ყველაზე დიდი მოცულობა გატანილია ყაზახეთში (12%), სომხეთში (9,5%), რუსეთში (9,5%) და აზერბაიჯანში (4,3%).
ტრანზიტი
„საქსტატის“ მონაცემებით, ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 11,3% გადაზიდულია თურქეთში, 7,87% – ნიდერლანდში, 6,2% – იტალიაში და 5,2% - ჩინეთში.
აღნიშნულ პერიოდში ტრანზიტული ტვირთების 6,1%-ის გამომგზავნი ქვეყანა ბრაზილიაა, 5,7%-ის - ყაზახეთი, 2,4%-ის – ჩინეთი, 2%-ის – თურქეთი და 1,7%-ის – აშშ.
გასულ წელს რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 28,9% მოდის ლითონის მადანსა და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეულზე, 28,5% - ქვანახშირის, ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების და ბუნებრივი აირის სასაქონლო ჯგუფზე, ხოლო 12,7% – საკვები პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე.
გასულ წელს სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდული საქონლის მთლიანი მოცულობიდან 28,9% ლითონის მადანი და სხვა სამთო ნედლეული იყო, 28,5% ქვანახშირი, ნავთობი და ბუნებრივი აირი, 12,7% კი საკვები, სასმელი და თამბაქოს ნაწარმი.
სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განსხვავებულია განაწილება ადგილობრივი გადაზიდვების შემთხვევაში, სადაც 65,5% ლითონის მადანსა და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეულზე მოდის, 11% – ქვანახშირის, ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების და ბუნებრივი აირის სასაქონლო ჯგუფზე, 10,2% – სხვა არამეტალურ მინერალურ პროდუქტებზე.
რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია ქვანახშირი, ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები და ბუნებრივი აირი (44,3%), სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (23,3%) და ლითონის მადანი და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეული (8,3%)
ამავე დროს ექსპორტზე გატანილია ლითონის მადანი და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეული (49,2%), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (23%), სხვადასხვა დასახელების ლითონის ნაწარმი (10,8%) და სოფლის მეურნეობის პროდუქტები (4,8%).
სამგზავრო გადაზიდვები
2023 წელს რკინიგზის მომსახურებით 2,3 მილიონმა მგზავრმა ისარგებლა, რაც 42,3%-ით მეტი, 2022 წლის მაჩვენებელზე. ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობა 42,3%-ით გაიზარდა და 687,3 მლნ მგზავრი/კილომეტრი შეადგინა.
ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 2,2 მლნ მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 98,2%-ს შეადგენს და 44,1%-ით აღემატება 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელს.
საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 40,7 ათასი მგზავრი, რაც 15,8%-ით ნაკლებია 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 67,5% შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 32,5%.
სხვა მოსაზღვრე ქვეყნების მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა არ განხორციელებულა.
სახელმწიფო კომპანია „საქართველოს რკინიგზა" როგორც სარკინიგზო ხაზების, ისე ყველა სარკინიგზო შემადგენლობის მფლობელია. ის თავად ადგენს ტარიფებს მგზავრებისა და ტვირთების გადაზიდვაზე.
„საქართველოს რკინიგზა" „აღმოსავლეთი–დასავლეთის" სატრანსპორტო დერეფნის შემადგენელი ნაწილია. საქართველოს სარკინიგზო გზების საერთო სიგრძე 1.324 კილომეტრს შეადგენს. სისტემაში შედის 45 გვირაბი და 1.714 ხიდი, ასევე ბორნით გადაზიდვა.