ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვა: ჩაერთვება თუ არა ოპოზიცია ინიციატივის განხილვაში?

ლგბტ-პროპაგანდის შესაძლო აკრძალვის საკითხმა საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია
Sputnik
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი მავნე შედეგებისგან დაცვის მიზნით, საპარლამენტო უმრავლესობა ახალი საკანონმდებლო ინიციატივის წარსადგენად ემზადება, რასთან დაკავშირებითაც პარლამენტში კონსულტაციები იწყება.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის თაობაზე ინიციატივას ამზადებს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, აღნიშნული ინიციატივა საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“. მისივე თქმით, კანონპროექტი უახლოეს ორ კვირაში მომზადდება.
მმართველ გუნდში თვლიან, რომ არატრადიციული ცხოვრების წესის მიზანმიმართულ პროპაგანდას სახელმწიფო კანონის ძალით უნდა დაუპირისპირდეს, თუმცა განმარტავენ, რომ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის პარალელურად, ნებისმიერი მოქალაქის უფლება, განურჩევლად ცხოვრების წესისა, პრინციპულად იქნება დაცული.
ოპოზიციის ნაწილი კანონპროექტის მიღების აუცილებლობას ვერ ხედავს. საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ისინი ფსევდოლიბერალურ პროპაგანდასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებენ. მისი თქმით, ქვეყანაში სხვა რეალური პრობლემებია, ვიდრე ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვა.
„არანაირ განხილვაში არ ჩავერთვებით, რადგან ეს არის სისულელე, წინასაარჩევნოდ ყურით მოთრეული თემა. „ქართული ოცნება“ რეალობასაა მოწყვეტილი, ქუჩაში გავიდნენ, ხალხს მოუსმინონ და მიხვდებიან რა არის რეალური პრობლემა“, – განაცხადა ელისაშვილმა.
მმართველი პარტიის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვაში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ ოპოზიციურ პარტია „გირჩშიც".
„პარლამენტში შეტანილი გვაქვს კანონპროექტი ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ, რომელსაც „ქართული ოცნება" მხარს არ უჭერს. ამ ინიციატივით სიტყვა გენდერის, ანტიდისკრიმინაციული კანონის „ბოდვა" მუხლების გაუქმება გვაქვს მოთხოვნილი, რომელსაც არანაირი შინაარსი არ გააჩნია... ჩემი აზრით, ლგბტ-პროპაგანდის შედეგად არ მგონია, რომ ქართველ ხალხს რამე დაემართება, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მოსახლეობას ლგბტ-პროპაგანდის მსხვერპლობა არ ემუქრება", - განაცხადა „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.
წინასწარი ინფორმაციით, ინიციატივა არ გულისხმობს სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე უფლებებისა და თავისუფლებების შელახვას, იგი შეეხება მხოლოდ ტრადიციული გენდერული იდენტობის წინააღმდეგ და ასევე ლგბტ-თემის ღია პროპაგანდისკენ მიმართული მოწოდებების აკრძალვას და სრულ შესაბამისობაში იქნება საქართველოს კონსტიტუციასთან.
შეიძლება ადმინისტრაციული სასჯელი: „ქართული ოცნება" ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვაზე>>>
საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია ადამიანის უფლებების დაცვა, იგი პირდაპირ კრძალავს დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით, ასევე უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.
მმართველი პარტიის ინიციატივას სკეპტტიკურად უყურებს ექსპერტთა ნაწილი.
ექსპერტ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, საქართველოში ეს თემა არ არის აქტუალური, საქართველოში ამაზე არავინ ლაპარაკობს, არც ერთი პოლიტიკური პარტია არ ამბობს, რომ ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში, აუცილებლად განვახორციელებთ ამ რეფორმებს ლგბტ-თემთან მიმართებით.
მზარდი ლიბერალური მოძრაობების ფონზე გენდერის გაუფასურების თემა ქართული საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. საქართველოს ხელისუფლება კონსერვატიულ შეხედულებებს ემხრობა. ისინი სულ უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ ოჯახური ღირებულებების და ტრადიციების მნიშვნელობაზე და ლგბტ პროპაგანდის დაუშვებლობაზე.