თბილისი, 4 მარტი — Sputnik. ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის შექმნის თაობაზე მზადყოფნას გამოთქვამენ, თუმცა არ აკონკრეტებენ, რომელ პარტიებთან არიან მზად თანამშრომლობისთვის.
კოალიციური მთავრობა საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ არცერთი პარტია არ მიიღებს საკმარის ხმებს უმრავლესობის შესაქმნელად და ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მისაღებად. ამ არჩევნებში პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი ამომრჩეველთა ხმების 5%-ს შეადგენს.
ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით, საჭიროა კოალიციური მთავრობისთვის მზადყოფნა, მაგრამ ახლა მისი პარტია არჩევნებში მაქსიმალურ წარმატებაზეა კონცენტრირებული.
„გვინდა თუ არა თავისუფლება, კეთილდღეობა, ევროპული სტანდარტის უსაფრთხოება? მაშინ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ კოალიციური მთავრობების შესაქმნელად. ვაპირებთ არჩევნებში მივიღოთ ისეთი შედეგი, რომელიც საშუალებას მოგვცემს გავაკონტროლოთ ვინ იქნება კოალიციაში და ვინ არა“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია ვინ და რა შედეგს მიიღებს არჩევნებზე და ახლა საუბარი იმაზე, ვინ უფრო ძლიერი აღმოჩნდება, არასწორია.
„ლელო" ახლა საკუთარ წარმატებაზე ფიქრობს", - განაცხადა უსუფაშვილმა.
რაც შეეხება პარტია „გირჩს", დეპუტატი იაგო ხვიჩია საკუთარ კოლეგებს, რომლებიც პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" გაერთიანებას გეგმავს, მოუწოდებს ეს არჩევნებამდე გააკეთონ.
„ყველა ოპოზიციური ძალა შესაძლებლად მიიჩნევს კოალიციის მხოლოდ „ნაცებთან" შექმნას და ამიტომაც მოვუწოდებთ მათ, რომ გაერთიანდნენ „ნაცებთან" არჩევნებამდე, რადგანაც რა განსხვავებაა, თუ არჩევნების შემდეგ გაერთიანებას მხოლოდ „ნაცებთან" გეგმავ და სხვა თანამშრომლობას არ უშვებ“, - განაცხადა ხვიჩიამ.
მისი თქმით, იმ პარტიებმა, რომლებსაც სურთ „ნაციონალურ მოძრაობასთან" კოალიციის შექმნა, დაუყოვნებლივ უნდა განიხილონ პარტიული სიები ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან.
„რატომ რისკავთ ამომრჩევლის ხმებით? არ სჯობს მიშას წინასწარ მოელაპარაკოთ სიებში ადამიანების რაოდენობაზე და დაუშვათ ეს საარჩევნო პროცესი რისკის გარეშე წარიმართოს", - განაცხადა ხვიჩიამ.
მმართველ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოში" განაცხადეს, რომ საზოგადიების 55-60%-იანი მხარდაჭერის იმედი აქვთ და ასეთ სიტუაციაში კოალიცია „პრაქტიკულად გამორიცხულია".
ამასთან, კოალიციურ მთავრობას ემხრობა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
როგორც ადრე ზურაბიშვილმა განაცხადა, საქართველოსთვის, რომელმაც დემოკრატიის გრძელი გზა გამოიარა, დრო მოვიდა დაემშვიდობოს ერთპარტიულ სისტემას, რომელიც ძველი დროის გადმონაშთია და გადავიდეს კოალიციურ მთავრობაზე.
ბოლო კოალიციური მთავრობა საქართველოში 2012-დან 2016 წლამდე არსებობდა, როდესაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ხელისუფლებაში მოვიდა კოალიციაში, რომელიც შვიდ პარტიას აერთიანებდა. კოალიციამ 2014 წელს დაიწყო დაშლა და უკვე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ - დემოკრატიულმა საქართველომ“ დამოუკიდებლად გაიმარჯვა.