თბილისი, 4 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, ვენეციის კომისიის დასკვნის საფუძველზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და ანტიკორუფციული ბიუროს მუშაობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავს.
კანონპროექტის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან. საპარლამენტო ოპოზიციამ, გარდა „ევროპული სოციალისტებისა" განხილვაში მონაწლეობაზე უარი განაცხადა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის თქმით, ცვლილებებით განისაზღვრება ანტიკორუფციული ბიუროს ხელშეუხებლობა.
კერძოდ, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინასწარი თანხმობით შეიძლება.
გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს პარლამენტს. თუ საქართველოს პარლამენტი 48 საათის განმავლობაში არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
გარდა ამისა, უქმდება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ის საფუძველი, რომელიც დაკავშირებული ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასა და სავალდებულო ნარკოლოგიური შემოწმების გავლისთვის თავის არიდებასთან.
ოხანაშვილის თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ თუ ბიუროს უფროსი ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულს ჩაიდენს, ის პასუხს არ აგებს. ამ შემთხვევაში, ეს გახდება უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი, აღნიშნა პოლიტიკოსმა.
ცვლილებები ასევე ეხება ბიუროს უფროსის ბიუჯეტის განსაზღვრას და ფინანსური ხარჯების მართვის თავისუფლებას.
„ცვლილებების პაკეტი ორიენტირებულია ცხრაპუნქტიანი გეგმის იმ ნაწილის შესრულებაზე, რომელიც დაკავშირებულია ანტიკორუფციული ბიუროს შემდგომ გაძლიერებასთან და გარანტიების შექმნასთან, რაც უზრუნველყოფს ამ სამსახურის კიდევ უფრო მეტ ეფექტურობას“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.
რაც შეეხება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობაში ცვლილებებს, მათი მიღების შემთხვევაში, უწყება უფლებამოსილი იქნება ნებისმიერ დროს, საკუთარი ინიციატივით გამოაქვეყნოს სპეციალური ანგარიში მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
გარდა ამისა, იცვლება სამსახურის უფროსის ასარჩევად კონკურსის ვადები და პირობები. იზრდება საქართველოს პარლამენტის ქვორუმი ამ ორი სამსახურის ხელმძღვანელებისთვის იმუნიტეტის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად - დამსწრეთა უმრავლესობიდან სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე.
ევროკავშირის პირობები
ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლისთვის ქვეყანას ცხრა რეკომენდაციის შესრულება სჭირდება. მათ შორისაა ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტიანობის, ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შემდგომი უზრუნველყოფა.
ამ ორგანოებთან მიმართებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება ინკლუზიური პროცესის გზით; კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საქმეების გამოძიების ძლიერი გამოცდილების შექმნა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, გაზრდილი უფლებამოსილებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე, 2022 წლის 1 მარტს შეიქმნა. იგი დამოუკიდებელი ორგანოა, რომელიც არ ექვემდებარება შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და დამოუკიდებლად იძიებს ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ საქმეებს.
საქართველოს საგამოძიებო სამსახურის კომპეტენციაში შედის თანამდებობის პირებისა და საგამოძიებო ორგანოების თანამშრომლების, მათ შორის პროკურატურის და პოლიციის თანამშრომლების, ადამიანის უფლებათა დარღვევასთან დაკავშირებული დანაშაულების გამოძიება.