თბილისი, 3 მარტი - Sputnik. კახეთში 2024 წლის მთავარი კულინარიული მოვლენა - საქართველოსა და ბასკეთის გასტრონომიული კონგრესი Culinary Connection Euskadi-Georgia ტარდება, რომელიც კაჭრეთში 2 მარტს გაიხსნა.
კაჭრეთში მიმდინარე საქართველო-ბასკეთის გასტრონომიულ კონგრესს, რომელიც ბასკეთის კულინარიის ცენტრისა და გურჯაანის ღვინის ფესტივალის ერთობლივი თანამშრომლობით ტარდება, 250-ზე მეტი სტუმარი ესწრება.
კონგრესის ფარგლებში იმართება პანელური დისკუსიები, პრეზენტაციები და კულინარიული შოუ, რომელსაც ცნობილი ბასკი და ქართველი შეფები უძღვებიან. კონგრესზე მიწვეული არიან საქართველოს ყველა კუთხეში მოქმედი სასტუმროებისა და რესტორნების შეფ-მზარეულები.
ბასკეთი-საქართველოს გასტრონომიული კონგრესის მიზანია არა მხოლოდ კულინარიულ ოსტატობის, არამედ ენოგასტროტურიზმისა და ქართული სამზარეულოს განვითარება.
„Culinary Connection-ი შესანიშნავ შესაძლებლობას მოგვცემს ხელი შევუწყოთ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ჩამოყალიბებას ერთი უნივერსალური ენით, რომელსაც გასტრონომია ჰქვია“,- განაცხადა ბასკეთის კულინარიული ცენტრის დირექტორმა ხოსე მარი აიზეგამ.
კონგრესის ფარგლებში ბასკეთის კულინარიული ცენტრის წარმომადგენლები, ბასკი შეფები და სომელიები იმოგზაურებენ კახეთში, სადაც ქართულ ღვინოსა და სამზარეულოს დააგემოვნებენ.
ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ბასკეთის მთავრობის მხარდაჭერით, ასევე ბასკეთის კულინარიული ცენტრის ორგანიზებით ტარდება.