თბილისი, 2 მარტი – Sputnik. საქართველოს მოქალაქეს თურქეთ-საქართველოს საზღვარზე ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ნაკეთობების კონტრაბანდის ფაქტზე ბრალი წარედგინა, ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა თურქეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო გამშვები პუნქტ „სარფის“ გავლით საბაჟო კონტროლისაგან მალულად მისი კუთვნილი სამგზავრო ავტობუსით 5 კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გადმოიტანა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ოქროს ნაკეთობები ავტობუსის წინა საბურავებს შორის, სპეციალურად მოწყობილ სამალავში იყო მოთავსებული.
დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა (საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადატანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად), რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. ოქროს ნაკეთობების ზუსტი ღირებულების დადგენის მიზნით მიმდინარეობს ექსპერტიზა.