სკანდალი წმინდა მატრონა მოსკოველის ხატის ირგვლივ გრძელდება: დაბრუნდება თუ არა ხატი ტაძარში

საპატრიარქოში შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც მსჯელობს, თუ როგორ უნდა მოხდეს სკანდალური ხატის კორექტირება და სად უნდა განთავსდეს იგი, ამტკიცებს მედია
Sputnik
თბილისი, 2 მარტი — Sputnik. წმინდა მატრონა მოსკოველის ხატის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში არსებობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშაა, ტაძრის არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა არ იცის, როდის დაბრუნდება ხატი ტაძარში.
წმინდა მატრონა მოსკოველის ხატი, რომელიც ტაძარს „პატრიოტთა ალიანსმა“ შესწირა, სკანდალის ცენტრი მას შემდეგ აღმოჩნდა, როდესაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა რომ მის ერთ-ერთ ფრაგმენტზე გამოსახულია საბჭოთა ბელადი იოსებ სტალინი. საპატრიარქომ აღიარა, რომ ეს ფრაგმენტი ხატწერის კანონებს არ შეესაბამება და ხატი შესწორების მიზნით ტაძრიდან გაიტანეს.
„მოგვარებულია პრობლემა“, - უთხრა ჟურნალისტებს მამა იოვანემ, მაგრამ მას არ უთქვამს, როდის დაბრუნდება ხატი ტაძარში.
ახლა წმინდა სამების ტაძარში არსებობს მატრონა მოსკოველის სხვა ხატი, რომელიც კანონიკის წესების შეესაბამება.
ხატის შემდგომ ბედთან დაკავშირებით არ აქვს ინფორმაცია არც „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერ ირმა ინაშვილს. ქართველმა ხატმწერმა სკანდალური ხატი სწორედ ამ პარტიის დაკვეთით დახატა.
„ხატის შემდგომი ბედი მთლიანად გადავიდა საპატრიარქოს პრეროგატივაში. რას აპირებენ, როგორ აპირებენ, აქამდე რა გააკეთეს, მე არ ვფლობ ინფორმაციას", - ამბობს ირმა ინაშვილი.
ხატთან დაკავშირებული სკანდალი: ნატა ფერაძე თავისუფალია >>>
მედია ამტკიცებს, რომ საპატრიარქოში შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც მსჯელობს, თუ როგორ უნდა მოხდეს სკანდალური ხატის კორექტირება და სად უნდა განთავსდეს იგი.
ხატთან დაკავშირებული სკანდალი
შეიძლებოდა თუ არა ხატზე სტალინის გამოსახვა და მით უმეტეს, ასეთი ხატის ქართულ ეკლესიაში გამოფენა - 6 იანვრის შემდეგ საქართველოში ეს თემა ყველაზე მეტად განიხილება. ხელისუფლების მწვავე კრიტიკოსებმა ერთხმად დაიწყეს იმის მტკიცება, რომ ეს ადასტურებს ხელისუფლებისა და საქართველოს საპატრიარქოს პრორუსულ განწყობებს, მორწმუნეებმა კი კრიტიკოსები ეკლესიაზე მორიგ თავდასხმაში დაადანაშაულეს.
საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, გიორგი კანდელაკის მიერ 6 იანვარს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეო და პოსტი იმის შესახებ, რომ სტალინი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის ნგრევის ინიციატორი და ათასობით სასულიერო პირის მკვლელი, ასობით ადამიანმა გაავრცელა. სოციალური ქსელის ქართული სეგმენტი აივსო ამ საკითხთან დაკავშირებული კომენტარებით.
დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ შემთხვევითი არ არის, რომ ეს საკითხი საშობაოდ წამოიჭრა და პირველად არ ხდება, როდესაც დღესასწაულის სკანდალით გადაფარვა სურთ.
წმინდა მატრონას ხატი, რომლის ერთ-ერთ ნაწილში სტალინია გამოსახული, სამების ტაძარში პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა დააბრძანეს. ინაშვილის ინფორმაციით, ხატი ქართველმა ხატმწერმა დაწერა და რამდენიმე წლის წინ სამებას შესწირა, ხატის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ინაშვილმა სრული უწიგნურებისა და სიბნელის ზეიმი უწოდა.
სამშაბათს, 9 იანვარს, სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო სამებიდან, სადაც წმინდა მატრონას ხატს ლურჯი საღებავები აქვს მისხმული. ზოგმა მადლობა გადაუხადა მას გაბედული საქციელისთვის, ზოგმა კი დაგმო და დაემუქრა კიდეც. ფერაძემ ვანდალიზმის ფაქტი პირდაპირ არ დაადასტურა, მხოლოდ სოციალურ ქსელში უკმაყოფილო ხალხს მიმართა, რომ შემდეგ ჯერზე საღებავების ფერთა პალიტრას მათთან შეათანხმებდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამების საკათედრო ტაძარში ხატის შეურაცხყოფის ფაქტზე საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. პოლიციამ ფერაძე საკუთარ სახლში გამოკითხა. დეტალები არ გავრცელებულა.
ამასთან, საპატრიარქომ მიიღო გადაწყვეტილება, ოთხშაბათს და ხუთშაბათს შეეზღუდა მედიის წარმომადგენლების შესვლა სამებაში შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე. გადაწყვეტილება ტაძარში შემდგომი გაუგებრობისა და დაძაბულობის თავიდან აცილების მიზნით მიიღეს, განმარტეს საპატრიარქოში.
ამასობაში ხატის ირგვლივ ატეხილი სკანდალი სულ უფრო მძაფრდებოდა. ოთხშაბათს, 10 იანვარს, ულტრამემარჯვენე, პრორუსული „კონსერვატიული მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა ფერაძის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სახელმწიფოსგან ყველა იმ პირის მკაცრ დასჯას ითხოვდნენ, ვინც ხატების შეურაცხყოფას გაბედავდა. უფრო მეტიც, მათ შემდეგი აქცია შაბათს დააანონსეს.
პირველი განცხადება 11 იანვარს საქართველოს საპატრიარქომ გააკეთა. საპატრიარქოს განმარტებით, ხატზე, ხატწერის კანონიკური წესებიდან გამომდინარე, შეიძლება დახატული იყოს არა მხოლოდ წმინდანი, არამედ წმინდანის ცხოვრებასთან დაკავშირებული რეალური ისტორიები ნებისმიერი პიროვნების გამოსახულებით, მათ შორის, ხელისუფალნიც და ჩვეულებრივი ადამიანებიც, მწვალებლებიც და ქრისტიანული სარწმუნოების მდევნელნიც, თვით წმინდანის მწალებელნიც კი. თუმცა ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ ხატი ამ პირებს განადიდებს.
თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს მტკიცებულება სტალინის წმინდა მატრონასთან შეხვედრის შესახებ, აუცილებელია ზემოაღნიშნული ეპიზოდის შეცვლა და ხატწერის კანონებთან დაკავშირებული სხვა დეტალების გათვალისწინება. საპატრიარქომ მოუწოდა მათ, ვინც ხატი აჩუქა, ცვლილებები თავად განახორციელონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს.
13 იანვარს კი რამდენიმე ათასი ქართველი შეიკრიბა პარლამენტის შენობასთან წმინდა მატრონას მოსკოველის ხატის შეურაცხყოფის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე. აქცია ულტრამემარჯვენე პარტია „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ მოაწყო.