თბილისი, 1 მარტი — Sputnik. თბილისში და საქართველოს ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
სააგენტოს ინფორმაციით, მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება (PM10, PM2.5) შესაძლოა განპირობებული იყოს სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით.
„აღსანიშნავია, რომ ტრანსსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს“, - აღნიშნავს სააგენტო.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.
სააგენტო აქვეყნებს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და იძლევა რეკომენდაციებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე.
16 თებერვლიდან თბილისსა და საქართველოს ზოგიერთ სხვა რეგიონში მოსახლეობა ნისლის მსგავსი ბუნებრივი მოვლენას აფიქსირებს. სააგენტოში აღნიშნეს, რომ ტრანსსასაზღვრო დაბინძურება წარმოადგენს მეტეოროლოგიურ ფენომენს და პანიკის საფუძველი არ არსებობს.