საქართველოს პრეზიდენტი პატრიარქზე მისი განცხადების გამო კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს

ზურაბიშვილმა პატრიარქს სუსტი უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ქართული ეკლესია „მოახერხებს პროქართული და პროევროპული პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის”.
Sputnik
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა საპატრიარქოსა და ხელისუფლების მხრიდან მისი განცხადების გამო, სადაც მან ისაუბრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სისუსტესა და იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ეკლესიის მომდევნო წინამძღვარი.
საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს ეკლესიაში „ძალიან კომპლექსური ვითარებაა, რისი მიზეზიც დღეს პატრიარქის სისუსტეა“. ამასთან ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ეკლესია ახლოსაა ხელისუფლებასთან და მის მითითებებს მიყვება. ამასთან დაკავშირებით მან იმედი გამოთქვა, რომ ქართული ეკლესია „მოახერხებს პროქართული და პროევროპული პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის”.
„პირველ რიგში, პრეზიდენტისთვის, მით უმეტეს რომელსაც თავი ეკლესიის მრევლად მიაჩნია, ეთიკას მოკლებულია მოქმედი პატრიარქის სისუსტეზე და პატრიარქის ცვლილებაზე საუბარი, სხვა საკითხია, რომ ეს ეკლესიის საქმეებში უხეში ჩარევაა“, - დაწერა სოციალურ ქსელში საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ.
მისი თქმით, გაუგებარია, რას გულისხმობდა პრეზიდენტი „ეკლესიის ძველ მეთოდებზე“ , ეკლესია „ახლოსაა ძალასთან?“, ისევე როგორც ეკლესიის მხრიდან „პროდასავლური რიტორიკის მიყოლის“ შესახებ საუბრისას.
„პრეზიდენტის სიმაღლიდან ასეთი ზედაპირული, შაბლონური დამოკიდებულების მოსმენა სამწუხაროა. ქართულ ეკლესიაში პროქართულ, პროევროპულ თუ პრორუსულ არჩევანზე საუბარი ჩრდილს აყენებს, აკნინებს არა იმდენად ეკლესიას, რამდენადაც თავად კომენტარის ავტორს“, – წერს ანდრია ჯაღმაიძე.
მკვეთრად გააკრიტიკა პრეზიდენტი ასევე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ.
„კომენტარის გაკეთებაც კი არ შეიძლება განცხადებაზე, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა საპატრიარქოსთან დაკავშირებით გააკეთა - ასეთი განცხადებები გამაოგნებელია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ასეთი განცხადებებით საკუთარ იმიჯს აზიანებს. ამ თემაზე მეტი კომენტარის გაკეთება არ მინდა“, - განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ გენმდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ პრეზიდენტის გამონათქვამებს პატრიარქზე შეურაცხმყოფელი უწოდა. მან აღნიშნა, რომ ილია მეორემ გააძლიერა ქართული ეკლესია, ხოლო ეკლესია და სარწმუნოება ძალიან სენსიტიური თემებია.
„ის, რაზეც დგას ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ერი ეს არის ჩვენი სარწმუნოება, კულტურა - ყველაფერ ამას, რაც ძვირფასია ქართველი ხალხისთვის მიზანმიმართულად ებრძვიან, რომ როგორმე დააზიანონ, ტალახი ესროლონ. ეს პროპაგანდა წლების განმავლობაში გრძელდება, მაგრამ ქართველი ხალხი ბრძენია და კარგად აანალიზებს დღევანდელ მოცემულობას, საფრთხეებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მან აღნიშნა, რომ ეს წელი საპარლამენტო არჩევნების წელია და მუქარები, ზეწოლა და მსგავსი განცხადებები მომავალშიც გაგრძელდება.
მდინარაძე: საქართველოს პრეზიდენტმა პატრიარქზე თავდასხმაც იკადრა>>
სალომე ზურაბიშვილმა განაჩენი გამოუტანა საკუთარ თავს, როდესაც უკვე ქართულ ეკლესიასა და კათოლიკოს-პატრიარქს დაესხა თავს, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„აღარ აქვს მნიშვნელობა, ამით ის სხვების დავალებას ასრულებს და იმიტომ საუბრობს თუ საკუთარ პოზიციებს გამოხატავს, ფაქტია, ის არის რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი და გამოხატავს მთლიანად კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
კალაძე: საქართველოს რეპუტაციას აზიანებს არა სააკაშვილის პატიმრობა, არამედ მისი ქმედებები>>
„ქართული ოცნების" ლიდერები დღეს აცხადებენ, რომ ზურაბიშვილი „რადიკალურ ოპოზიციას" შეუერთდა. მმართველი პარტიის ლიდერები ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელო საქართველოსთვის“, ასევე საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „დროას“, „ევროპულ საქართველოს“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ და „ლეიბორისტულ პარტიას“ კოლექტიურ „ნაცმოძრაობად“ და „რადიკალურ ოპოზიციად" მოიხსენიებენ.
საქართველოს პრეზიდენტი და მმართველი პარტია
სალომე ზურაბიშვილსა და მმართველ პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ შორის ურთიერთობა პრეზიდენტობის მესამე წელს გაუარესდა. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის მაშინ გახდა ცნობილი.
პრეზიდენტმა მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილების პირველი, თავდაპირველად ფრთხილი მცდელობა 2021 წელს გამოხატა. დროთა განმავლობაში ზურაბიშვილის რიტორიკა სულ უფრო ხისტი ხდებოდა და ახლა არაფრით განსხვავდება ხელისუფლების მთავარი ოპონენტების განცხადებებისგან.
მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილმა 2023 წლის 31 მარტს პარლამენტს წარუდგინა თავისი წლიური ანგარიში, რომელშიც მან, სხვა საკითხებთან ერთად, „ქართული ოცნება“ პროდასავლური გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა, მთავრობამ შეწყვიტა მისი უცხოური ვიზიტების დამტკიცება. ამის მიუხედავად, პრეზიდენტმა უცხოური ვიზიტები გააგრძელა, „ქართულმა ოცნებამ“ კი იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო.
იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ დაიწყო, რაც ზურაბიშვილი 31 აგვისტოს უცხოეთის ტურნეში გაემგზავრა და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო შეხვედრები ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან. მინისტრთა კაბინეტმა მოგზაურობის ნებართვის მიცემაზე უარი ახსნა იმით, რომ ხელისუფლებამ დაკარგა ნდობა მის მიმართ. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი ევროპაში მოგზაურობის მიზანია დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია. მაგრამ „ქართული ოცნების“ წარმატებები ამით დასრულდა, თუმცა, როგორც თავდაპირველად მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მეტის იმედი არც ჰქონდათ, რადგან საქმის ბოლომდე მისაყვანად პარლამენტში საკმარისი ხმები არ აქვთ.
ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ხმა მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მინიმალური 100-ის ნაცვლად. შესაბამისად, პრეზიდენტმა თანამდებობა შეინარჩუნა.