მდინარაძე: საქართველოს პრეზიდენტმა პატრიარქზე თავდასხმაც იკადრა

მან ისეთი რამ იკადრა, რასაც თავს უფლებას აძლევდა რადიკალური ნაწილის მცირე ნაწილი, სულ რამდენიმე ადამიანი, განაცხადა დეპუტატმა
Sputnik
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკადრებელი იკადრა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს დაესხა თავს, ამის შესახებ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა ლონდონში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში რთული მდგომარეობაა და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი პატრიარქის სისუსტეა. მან ასევე აღნიშნა, რომ თვლის, რომ ქართული ეკლესია შეძლებს პროქართველი და პროევროპელი და არა პრორუსი პატრიარქის არჩევას.
„პატრიარქს დაესხა თავს და ცოცხალ ადამიანზე, რომელმაც ძალიან დიდი ხანი უნდა იცოცხლოს კიდევ და ჯანმრთელობა უნდა ვუსურვოთ, ლაპარაკობს მის შემცვლელზე, მის სისუსტეზე და რაღაც მინიშნების კონტექსტში პროევროპულ და რუსულ განსხვავებებზე მართვისა საპატრიარქოში“, - განაცხადა მდინარაძემ.
მან ზურაბიშვილის სიტყვებს „სიბინძურე“ უწოდა და აღნიშნა, რომ მსგავსი გამონათქვამები დაუშვებელია.
„მე მგონია, რომ რბილი ნათქვამიც კია სიბინძურე, თუ ამ კომენტარზე ამ სიტყვას გამოვიყენებთ, იმიტომ, რომ აქამდე მას ეს არ უკადრია და იკადრა ის, რაც ყველაზე რადიკალური ოპოზიციის მხოლოდ ნაწილმა - რამდენიმე ადამიანმა იკადრა და ეს არის პატრიარქზე თავდასხმა", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს პრეზიდენტი და მმართველი პარტია
სალომე ზურაბიშვილსა და მმართველ პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ შორის ურთიერთობა პრეზიდენტობის მესამე წელს გაუარესდა. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის მაშინ გახდა ცნობილი.
პრეზიდენტმა მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილების პირველი, თავდაპირველად ფრთხილი მცდელობა 2021 წელს გამოხატა. დროთა განმავლობაში ზურაბიშვილის რიტორიკა სულ უფრო ხისტი ხდებოდა და ახლა არაფრით განსხვავდება ხელისუფლების მთავარი ოპონენტების განცხადებებისგან.
მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილმა 2023 წლის 31 მარტს პარლამენტს წარუდგინა თავისი წლიური ანგარიში, რომელშიც მან, სხვა საკითხებთან ერთად, „ქართული ოცნება“ პროდასავლური გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა, მთავრობამ შეწყვიტა მისი უცხოური ვიზიტების დამტკიცება. ამის მიუხედავად, პრეზიდენტმა უცხოური ვიზიტები გააგრძელა, „ქართულმა ოცნებამ“ კი იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო.
იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ დაიწყო, რაც ზურაბიშვილი 31 აგვისტოს უცხოეთის ტურნეში გაემგზავრა და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო შეხვედრები ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან. მინისტრთა კაბინეტმა მოგზაურობის ნებართვის მიცემაზე უარი ახსნა იმით, რომ ხელისუფლებამ დაკარგა ნდობა მის მიმართ. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი ევროპაში მოგზაურობის მიზანია დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია. მაგრამ „ქართული ოცნების“ წარმატებები ამით დასრულდა, თუმცა, როგორც თავდაპირველად მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მეტის იმედი არც ჰქონდათ, რადგან საქმის ბოლომდე მისაყვანად პარლამენტში საკმარისი ხმები არ აქვთ.
ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ხმა მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მინიმალური 100-ის ნაცვლად. შესაბამისად, პრეზიდენტმა თანამდებობა შეინარჩუნა.
იმავე დღეს „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამიერიდან ზურაბიშვილი ქვეყნის პრეზიდენტი კი არა, მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტია. ხელისუფლება ამ პარტიას და მის თანამოაზრეებს „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებს.