თბილისი, 29 თებერვალი — Sputnik. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის ექვს რაიონში მცხოვრებ 40 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
საცხოვრებელი ფართები ნაძალადევის, გლდანის, დიდუბის, ჩუღურეთის, სამგორისა და საბურთალოს რაიონებში მცხოვრებ 40 ოჯახს სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად დაუკანონდა. ეს ის ოჯახებია, რომლებიც ხანგრძლივად ცხოვრობდნენ საცხოვრებელ ფართებში, რომელთა დაკანონებას ამ დრომდე ვერ ახერხებდნენ.
„მინდა, პირველ რიგში, მივულოცო ამ ადამიანებს, მათ შვილებს, შვილიშვილებს. ვუერთდები მათ სიხარულს. საკმაოდ წარმატებული პროგრამაა და პროცესს განვაგრძობთ. მოვუწოდებ ყველა იმ ადამიანს, ვინც აღნიშნული პრობლემის წინაშე დგას, აუცილებლად მიმართონ მათივე რაიონულ გამგეობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
უწყების ცნობით, დედაქალაქის მერიაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შემოსული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.
საცხოვრებელ ფართში ხანგრძლივი დროით მცხოვრებ ადამიანებს შეუძლიათ მიმართონ თავიანთი რაიონის გამგეობას, სადაც მოხდება მოკვლევა. გამგეობაში წარსადგენად საჭიროა მოქალაქის განცხადება დაკავებული ფართის მისამართის და საკადასტრო კოდის მითითებით. ასევე მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომელშიც დასტურდება პირის მისამართზე ცხოვრების ფაქტი და ხანგრძლივობა, ასევე საჭიროა ცნობა საჯარო რეესტრიდან პირის და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული პროგრამა არ შეეხება სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების მეპატრონეებს.
წლობით დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცესი 2017 წლიდან კახა კალაძის ინიციატივით დაიწყო.