საქართველოში 5 კგ-ზე მეტი კონტრაბანდული ოქროს შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

დანაშაული ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
Sputnik
თბილისი, 29 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა „სარფის" საბაჟო-გამშვებ პუნქტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა საზღვარზე არადეკლარირებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის საიუველირო ნაკეთობები მის კუთვნილ ავტობუსში მოწყობილი სპეციალური სამალავით შემოიტანა.
უწყების ცნობით, ავტობუსში აღმოჩენილი და ამოღებულია 5 კგ-ზე მეტი ოქროს ნაკეთობები, სავარაუდო ღირებულებით 535 ათასი ლარი.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით.