ინფლუენსერები საქართველოს ზამთრის კურორტების შესახებ ფილმს ამზადებენ

ბლოგერების მიერ საქართველოს შესახებ გადაღებული ფილმის ჩვენება საფრანგეთის ყოველწლიურ ფესტივალ Highfive-ზე გაიმართება.
Sputnik
თბილისი, 29 თებერვალი — Sputnik. კანადელი, ფრანგი, შვედი და ავსტრიელი მოთხილამურე-ბლოგერები საქართველოს ზამთრის კურორტების შესახებ ფილმს ამზადებენ, ნათქვამია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ტურიზმის ადმინისტრაციამ ოთხი ქვეყნიდან ხუთ მოთხილამურე ინფლუენსერს უმასპინძლა. ბლოგერებმა გუდაურში, ბახმაროსა და სვანეთში იმოგზაურეს, გაეცნენ ზამთრის კურორტებს, ისრიალეს სამთო ტრასებზე და შთაბეჭდილებები სოციალურ ქსელებში თავიანთ გამომწერებს გაუზიარეს.
„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მოგვიწვია. საქართველოში ორი კვირით ვიმყოფებით, ვმოგზაურობთ სხვადასხვა რეგიონში, ვიღებთ ძალიან კარგ გამოცდილებას და ვეცნობით საქართველოს“, - განაცხადა ერთ-ერმა ბლოგერმა სებატიან დარლემ.
ბლოგერების მიერ საქართველოს შესახებ გადაღებული ფილმის ჩვენება საფრანგეთის ყოველწლიურ ფესტივალ Highfive-ზე გაიმართება.
„საქართველოში პირველად ვარ და მიღებულმა შთაბეჭდილებებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. საოცარი ბუნება, კულტურა, მთები და კერძები გაქვთ. ძალიან მომწონს ქართული სტუმარმასპინძლობა, საქართველოში ძალიან თბილი ხალხია“,- განაცხადა სელასთ პამერლანმა.
ტურის მიზანია ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში საქართველოს ცნობადობის გაზრდა და ტურისტული ნაკადების მოზიდვა.