თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. კამერუნის დროშის ქვეშ მცურავი გემი საქართველოს აკვატორიაში შავი ზღვის დაბინძურებისთვის დაჯარიმდა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში.
კერძოდ, გემმა ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურა - გარემოსთვის მიყენებულმა ზარალმა დაახლოებით 2 ათასი ლარი შეადგინა. გარდა ამისა, ფოთის პორტმა გემი 65 ათასი ლარით დააჯარიმა.
გემი საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვებას მასზე დაკისრებული ჯარიმის და გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობის გადახდის შემდეგ შეძლებს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის ლევან ჯღარკავას თქმით, შავი ზღვის დაბინძურების ფაქტების გამოვლენა და აღკვეთა უწყების პრიორიტეტია.
„პარლამენტი განიხილავს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომელიც შავი ზღვის დაბინძურებისთვის ჯარიმის 100 ათას ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს", - განაცხადა ჯღარკავამ.
გავრცელებული ინფორმაციით, შავი ზღვის დაბინძურების ფაქტების უმეტესობა ჩადენილია საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემების მიერ.