როდის გამოჩნდება თბილისის სხვადასხვა უბანში 18-მეტრიანი ავტობუსები: კალაძის განმარტება

პირველ ეტაპზე ეს ავტობუსები ოთხ მარშრუტზე იმოძრავებენ
Sputnik
თბილისი, 28 თებერვალი - Sputnik. 2 მარტიდან ახალი 18-მეტრიანი ავტობუსები დამატებით კიდევ რამდენიმე მარშრუტზე გაეშვება, განაცხადა თბილისისმერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
2024 წლიდან თბილისში ეტაპობრივად გამოჩნდება ბუნებრივ გაზზე (CNG) მომუშავე 160 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსი, რომელიც გათვლილი იქნება 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსები სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის: სალონში არის სპეციალური სივრცე ეტლებისთვის და პანდუსი.
კალაძის თქმით, პირველ ეტაპზე ეს ავტობუსები ოთხ მარშრუტზე იმოძრავებენ, სადაც მგზავრთა მგზავრთნაკადის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია. ეს არის 301, 302, 308 და 314 ავტობუსები, სადაც ყოველდღიურად 55 ათასამდე მგზავრობა ფიქსირდება. 302-ე მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები უკვე ემსახურებიან მგზავრებს.
„ეს არის იმ სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ. რეფორმის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ავტობუსის პარკის განახლებაა, თუმცა დამატებით დაგვჭირდა 18-მეტრიანების შემოყვანა, რომ უფრო მეტი მგზავრის გადაყვანა მოხერხდეს“, - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობა დამატებით 40 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსს შეისყიდის. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს M3 კატეგორიის ავტობუსების შესყიდვის მიზნით, კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადება დაევალა.
მერის განმარტებით, იგეგმებოდა 200 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა, თუმცა, ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მხოლოდ 160 ერთეულის შესყიდვა მოხერხდა.
„მქონდა საუბარი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და მიღებულია გადაწყვეტილება დამატებით 40 ერთეული ავტობუსის შესყიდვასთან დაკავშირებით. მთავრობის განკარგულება გამოიცა... ამ მხარდაჭერისთვის პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ და მთლიანად მთავრობას“, - განაცხადა კალაძემ.
კალაძის თქმით, ავტობუსებს უნდა ჰქონდეს თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც გათვლილი იქნება თბილისის კლიმატურ პირობებზე.
ავტობუსები აღჭურვილი უნდა იყოს ხმოვანი საინფორმაციო სისტემით, შიდა და გარე ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, მობილურის დასატენი წერტილებით და მონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით.
თბილისის მერია 2017 წლიდან ახორციელებს სატრანსპორტო რეფორმას, რომლის მთავარი მიზანია – საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს უფრო კომფორტული, შეუფერხებელი და ხელმისაწვდომი, ასევე ქალაქი განიტვირთოს „საცობებისგან“.